Baby Bag

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

ცნობილი ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბებო“ მარტო დარჩენილი და ყველასგან დავიწყებული ბებოს სევდიან ისტორიას გვიყვება, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მწერლის მთავარი სათქმელი კი შემდეგია: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.


ბებო

***

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში.

მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა.

გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა, აღარც კი ეტყობოდა წესიერად. დილით, ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი.

ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ „ქალაქელები“ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს).

სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინიდან წამოდგებოდა ბებო, შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა, მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა, ერთი-ორი მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს.

– დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, – ეუბნებოდნენ ისინი.

ბებოც მოელოდა.

– შემოგევლოთ თქვენი ბებო, თქვე მამაძაღლებო, თქვენა, ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რო ერთმა აღარ მომხედეთ.

„ქალაქელებს“ რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა? მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს – შვილიშვილების სურათებს ეალერსებოდა ბებო.

ამაოდ გაჰყურებდა სოფლის გზას.

ამაოდ იჩრდილავდა თვალებზე ჩამომჭკნარ ხელს.

ბინდდებოდა.

გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკვროდა მოლოდინით გული, ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. ზაფხულობით იმათ მთებში ცხვრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან – რომელი.

დუღდა ხინკლიანი ქვაბი.

ნაღველი დუღდა ბებოს გულში.

მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა.

მთელი სოფელი იმ ერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც, კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი.

ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში – წყლით სავსე ჭიქა. რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა:

– ღმერთმა მოიხსენოს, ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახის დაკლებულებისაც და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სულის სალხინო იყოს ეს სუფრა. იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა.

– ამინ!

– ამინ! – დასტურს იძლეოდნენ მეზობლები.

ბებო ჩქარ-ჩქარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა.

მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა.

ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული.

ძლივს თიბავდა ბებო ბალახს.

მხარი სტკიოდა.

მუხლებშიც ძალა აღარ ედგა.

მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა.

შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრეფდა.

იმ წელს თბილი შემოდგომა იყო.

ოქტომბრის ბოლოს აურია ცოტა.

ბებო შეაშფოთა ამინდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად, ალბათ ვინმეს რამე უჭირსო, ის უხეთქავდა გულს.

– სად წავიდე, როგორ წავიდე, რო ესეთი საპყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი, – მეზობლებს შესჩიოდა ბებო.

დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები.

ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში.

მუხლები აუკანკალდა ბებოს.

უშეშოდ დარჩენილს ზამთრის მოახლოების შეეშინდა.

ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა.

გზას გაჰყურებდა.

ის დღეც მოლოდინში დაღამდა.

ღამე უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა.

დილით კი …

იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო, სოფელში მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი.

უშეშოდ დარჩა ბებო.

დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა.

მიწაც თოვლით იყო დაფარული.

თოვდა.

გამოდარებას არ აპირებდა.

თითქმის ორ კვირამდე ითოვა ასე.

მეზობლების მიმოსვლა შეწყდა.

საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ. წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო, თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი. ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი.

ღამღამობით საშინელ სიზმრებს ხედავდა: გარდაცვლილი მეუღლე ეპატიჟებოდა თავისთან. ბებო უარობდა, შვილიშვილების უნახავად როგორ წამოვიდე, კაცო, რა გულმა უნდა გამიძლოს სამარეში, იმათი რომ ვერა ვიცი და ისე წამოვიდეო.

ციოდა. შიგნიდანაც შეჭირხლული იყო სახლის კედლები.

რომ გამოიდარა, მზე გამოჩნდა.

ცოტა დათბა.

აგუგუნდნენ ზვავები.

ბებო მყუდროში იჯდა და თავის დამჭკნარ ხელებს დაჰყურებდა.

ფიქრობდა.

ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა.

იქნებ შვილებზე.

იქნებ ქმარზე.

იქნებ რომელიმე დღე ახსენდებოდა თავის ბალღობიდან.

იქნება სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა ბებო, მაგრამ რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ სიბერეში ბებოები, შვილიშვილების სახე მაინც ერთთავად თვალწინ უდგათ.

ჰოდა ფიქრობდა ბებო.

დღე კი ილეოდა.

ბებომ საღამოს საქონელს თივა დაუყარა და რაკი ცეცხლი ვერაფრით დაანთო, ლოგინში ჩაწვა.

ჩაეძინა.

შუაღამისას რაღაც საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა.

ტორტმანებდა მიწა და სახლის მინებს ზრიალი გაჰქონდა.

ლოგინში წამომჯდარი ბებო პირჯვარს იწერდა.

ბნელი ღამე იყო და ფანჯარაში არაფერი ჩანდა.

მიწისძვრას დააბრალა ბებომ ეს ამბავი.

ცოტა ხანში გარემო ჩაჩუმდა.

დაწყნარდა სახლი.

ისევ ჩასთვლიმა ბებოს.

დილით მამალმა გააღვიძა.

ბებომ თვალები გაახილა და ყური მიუგდო. იქვე, სახლის ეზოში ყიოდა მამალი.

– მელამა კი არ გამიწყვიტოს ქათმები – ლოგინიდან წამოდგა ბებო და გარეთ გაიხედა.

გაოცებისგან კარგა ხანს ერთ ადგილას იდგა: მის ეზოში უზარმაზარი წიფლის ხე მოეტანა ზვავს და მის კენწეროზე მამალი ყიოდა. დანარჩენი ქათმები წიფლის ტოტებზე ისხდნენ აქა-იქ. ეტყობა, ზვავის ქარს საქათმე მოეგლიჯა და უსახლკაროდ დარჩენილ მამალს ამ წიფლის ხეზე შეეხიზნა თავისი ოჯახი მელიის შიშით.

ბებო გაოცებას ვერ ფარავდა: ამდენი ხანი ამ სოფელში, ცხოვრობდა და არასოდეს ენახა აქ ზვავი.

მამალი კი ისე ხმამაღლა და ლაღად გაჰკიოდა, თითქოს თავისი დღე და მოსწრება იმ წიფლის კენწეროზე ჰქონდა გატარებული.

ბებომ საკენკი დაუყარა ქათმებს და ისინიც რიგ-რიგობით ჩამოფრინდნენ ძირს.

მარტო მამალი არ ჩამოვიდა.

მზის ამოსვლამდე იჯდა წიფლის კენწეროზე და ყიოდა.

რაღაცა უხაროდა ბებოს.

რა, თვითონაც არ იცოდა და ის-ის იყო ძროხების გამოშვება დააპირა მზეზე, რომ უცებ სახეგაბრწყინებული მიაჩერდა ეზოს კარებს.

ეზოში ხმაურით შემოვიდა მისი ოთხივე ბიჭი.

ასეთი დიდი სიხარულის განცდა ბებოს არასოდეს არ ჰქონია.

მამალი კი ხის კენწეროზე იჯდა და ისე გადმოჰყურებდა ეზო-გარემოს, როგორც ერთადერთი მბრძანებელი თავის სამეფოსი. მხოლოდ მაშინღა იკადრა ძირს ჩამოსვლა, როცა ბიჭებმა ქურქები გაიხადეს და მოსაჭრელად მიადგნენ წიფელს.

რაღაცით სჯობდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ დღეებს.

***

– მე რა მინდოდა?

– გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ფსიქოლოგის 7 რჩევა გადაღლილ დედებს

ფსიქოლოგის 7 რჩევა გადაღლილ დედებს

დედებს ხშირად უჭირთ იმის აღიარება, რომ ​ისინი ძალიან იღლებიან. გამუდმებული სტრესის ქვეშ ყოფნა, ბავშვების ხმაური, უწესრიგობა, საოჯახო საქმეები და საკუთარი თავის სრულად დავიწყება ქალბატონების ფსიქიკას უდიდეს ზიანს აყენებს. თუ გრძნობთ, რომ ენერგია გეცლებათ და ​ემოციურად გადაიწვით, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას. ჩვენ ბავშვის მოვლის წესებზე არ გესაუბრებით. ამჯერად ფსიქოლოგის რჩევებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას და ემოციური სტაბილურობის აღდგენას შეძლებთ.

1. პრობლემის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია

ბავშვის დაბადებისთანავე მშობლები გრძნობენ, რომ ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან. წარმოიდგინეთ, რომ შხაპის მისაღებად შეხვედით, ამ დროს ბავშვმა გაიღვიძა და ტირილი დაიწყო. თითქოს ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ როდესაც მსგავსი შემთხვევები ყოველდღიურად მეორდება, თქვენ იღლებით. დროთა განმავლობაში თქვენ ნერვების მოთოკვა გიჭირთ, გრძნობთ, რომ არაფერი გამოგდით, ბავშვს კი ყოველწამიერად სჭირდებით. ამ ყოველივეს დანაშაულის განცდაც ემატება. თქვენ ფიქრობთ, რომ ცუდი დედა ხართ. გარშემომყოფებს თქვენი არ ესმით. თქვენ ხომ სარეცხის მანქანა და ბავშვის საფენები გაქვთ, წლების წინ კი დედებს მსგავსი ფუფუნების საგნები არ ჰქონდათ. ნერვული სისტემა ისევე შეიძლება დაავადდეს, როგორც სხვა ორგანოები. ქრონიკული დაღლილობა ემოციურ გადაწვას იწვევს. შესაძლოა, თქვენ წვრილმანებზე ღიზიანდებოდეთ ან აპათია დაგეუფლოთ. მართალია, არ არსებობს ძალების აღდგენის უნივერსალური მეთოდი, მაგრამ კონკრეტული მიმართულებებით ბრძოლა შეგიძლიათ.

2. ემოციები მოთოკეთ და თავი ხელში აიყვანეთ

როგორც წესი, დედები მზად არიან გარშემომყოფების დასახმარებლად, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერასდროს იცლიან. ​ისინი ემოციური აფეთქების შემდეგ თავს დამნაშავედ გრძნობენ და იტანჯებიან. უკეთესობისკენ სვლა მხოლოდ სულიერი ძალების მობილიზებით და საკუთარი თავისადმი რწმენის დაბრუნებით არის შესაძლებელი. ბრაზი თუ გიპყრობთ, საკუთარი თავის დადანაშაულებას ნუ დაიწყებთ, თქვენს ემოციებს მოუსმინეთ და საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა გამოიჩინეთ. დაფიქრდით, რის გაკეთებას ისურვებდით თავის დასამშვიდებლად, რა დაგეხმარებოდათ განწყობის გამოკეთებაში. გახსოვდეთ, რომ ოჯახის წევრებზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება. თქვენ სხვებს ვერ გაუნაწილებთ ენერგიას, თუ ძალაგამოცლილი ხართ.

3. ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანეთ

ჩვილობის ასაკის შემდეგ აუცილებელი არ არის, რომ საკუთარ საჭიროებებზე ყოველთვის უარი თქვათ და მთელი დრო ბავშვს დაუთმოთ. თქვენ უფლება გაქვთ სახლიდან გახვიდეთ და საქმეები მოაგვაროთ, ბავშვს კი უფლება აქვს ამის გამო გაბრაზდეს. თქვენ უფლება გაქვთ კიდევ იყოლიოთ შვილები, პირველ შვილს კი უფლება აქვს მათზე იეჭვიანოს. თქვენ უფლება გაქვთ შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, ბავშვს კი უფლება აქვს ენატრებოდეს ძველი სახლი. ბავშვს საკუთარი თავის გაცნობის უფლება უნდა მისცეთ. მას დამოუკიდებლობა ესაჭიროება. აუცილებელი არ არის, რომ ყოველთვის და ყველგან მის გვერდით იყოთ. ​საკუთარი ცხოვრება აუცილებლად უნდა გქონდეთ, მშობლობა თქვენი ერთადერთი როლი არ არის.

4. ნუ იოცნებებთ, რომ იდეალური დედა იყოთ, უბრალოდ კარგი დედა იყავით

კვლევებით დგინდება, რომ მშობლები, რომლებიც ცდილობენ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო მისცენ, უფრო სწრაფად იფიტებიან და იღლებიან. იდეალებისკენ სწრაფვა მშობლებს იმდენად ღლის, რომ ისინი ამის გამო ბავშვებს უხეშად ეპყრობიან. სწორედ „იდეალური დედები“ უყვირიან ბავშვებს მაღაზიაში, როდესაც პატარები ტირიან. მათთვის მიუღებელია, რომ ბავშვმა არასასურველი ქცევა გამოავლინოს. საბოლოოდ ის მშობლები იმარჯვებენ, რომლებიც თავიდანვე ნებდებიან და აღიარებენ, რომ ისინი იდეალურები არ არიან. არ არსებობს ბავშვის სწორად აღზრდის უნივერსალური წესი. რაც უნდა გააკეთოთ, შეცდომას აუცილებლად დაუშვებთ. კარგი დედა ყოველთვის ცდილობს გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ის ყველაფერს არ აკონტროლებს და აღიარებს, რომ ხშირად ცდება.

5. თქვენი მოთხოვნები შეამსუბუქეთ

ინსტაგრამის ვარსკვლავ დედებს ზედმეტად ნუ მიბაძავთ. ყურადღებით დააკვირდით თქვენს მოთხოვნებს და სურვილებს. განსაზღვრეთ, კვირაში რამდენჯერ შეძლებთ სახლის დალაგებას, რამდენჯერ მოამზადებთ დღის განმავლობაში საკვებს, რამდენს დახარჯავთ ბავშვის ტანსაცმლის შესაძენად. ეცადეთ, თქვენი მოთხოვნები შეამსუბუქოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რის გაკეთებასაც მშვიდად შეძლებთ. დედობა მილიონი ბურთით ჟონგლიორობას ჰგავს. ბურთების უმრავლესობა აუცილებლად გაგისხლტებათ ხელიდან. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მარტო ყველაფერს ვერ გაუმკლავდებით. აუცილებლად ითხოვეთ დახმარება. ამაში სასირცხვილო არაფერია.

6. იპოვეთ ენერგიის წყარო

მშობლები ბავშვის აღზრდაში უდიდეს ძალას და ენერგიას ხარჯავენ. თუ ისინი ძალების აღდგენას ვერ ახერხებენ, საბოლოოდ იფიტებიან. ზოგჯერ ბავშვის გარეშე გადით სახლიდან, გაისეირნეთ, შეიძინეთ საყვარელი ნივთი ან ტანისამოსი. ნუ დაელოდებით სხვებს, შესაძლოა, ისინი ვერასდროს მიხვდნენ, რომ დასვენება გჭირდებათ. თავად მოითხოვეთ დახმარება და საკუთარ თავზე იზრუნეთ. ბედნიერი დედა ბავშვს ახალ სათამაშოზე მეტად სჭირდება. პირველი ბავშვის დაბადება დედის ცხოვრებაში ტორნადოსავითაა. მისი ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება. თუ გრძნობთ, რომ ნორმალურად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ.

7. ბავშვთან კავშირი არ დაკარგოთ

შესაძლოა, ბავშვობისას, როდესაც იწყენდით ან რაიმე გაწუხებდათ, მშობლები ნოტაციებს გიკითხავდნენ, არ გეხუტებოდნენ და არ გამშვიდებდნენ. თქვენს შვილებს განსხვავებული მაგალითი უნდა მისცეთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გრძნობთ თავს და რა გაწუხებთ, ​ბავშვს ყოველთვის უნდა აგრძნობინებთ, რომ მისი გრძნობები თქვენთვისაც საგრძნობია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოწყენის, გაბრაზების, უკმაყოფილების ან შიშის უფლება. ის უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს მისი ესმის და მის გვერდითაა. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომელსაც მშობელი მის მიმართ ავლენს.

მომზადებულია​ adme.ru - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად