Baby Bag

„იმისათვის, რომ წარმატებული მასწავლებლები გვყავდეს, მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი უნდა ავწიოთ“ - ბერიკა შუკაკიძე

„იმისათვის, რომ წარმატებული მასწავლებლები გვყავდეს, მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი უნდა ავწიოთ“ - ბერიკა შუკაკიძე
„ყველანი ვთანხმდებით განათლების მნიშვნელობაზე, მაგრამ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუ გვინდა წარმატებული განათლების სისტემა გვქონდეს, აუცილებელია მასწავლებელი. ჩვენ რომ გვყავდეს წარმატებული მასწავლებლები, უნდა ავწიოთ მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი… ის აქტივობები, რასაც კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ახორციელებს უკვე მესამე წელია, ნამდვილად მისასალმებელია. ეს არის ძალიან კარგი კამპანია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის ასამაღლებლად. როგორც განათლების მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად დააანონსა, ამას მოყვება მასწავლებლის ხელფასის ზრდა, რაც უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს ჩვენს სფეროში. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ კონკრეტული პუპულაციის ტოპ 10%-დან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდონ მასწავლებლის პროფესიაში. ამას წარმატებით ახორციელებენ წამყვანი ქვეყნები - ფინეთი, სინგაპური, ნორვეგია და ა.შ. მასწავლებელი ხდება საზოგადოებრივი ლიდერი და მას არა მხოლოდ ერთ საკლასო ოთახში აქვს გავლენა. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას კარგი მომავალი ჰქონდეს, ეს მომავალი გადის მასწავლებლებზე.“


იხილეთ ასევე:

​ბერიკა შუკაკიძე მომავალი წლიდან სიახლეებს აანონსებს​

​საქართველო გახდება მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა​


შეიძლება დაინტერესდეთ

30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს

30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს

„სულ რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს და ათასობით დამსახურებულ პედაგოგს ღირსეულად გავაცილებთ სისტემიდან“ - ამის შესახებ  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპენსიო რეფორმა, რომელიც განათლების სისტემაში ხორციელდება, არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება წარმატებული, არამედ გახდება მაგალითი, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე უფრო გლობალური მასშტაბით.

მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა 2019 წელს განხორციელებულ განათლების სისტემის რეფორმებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი ისტორიული მნიშვნელობისაა:

„გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის. მე-9 მოწვევის პარლამენტში განხილვების პირველივე დღეებიდან ჩვენი კომიტეტი, ყურადღებას ამახვილებდა დაფინანსების მნიშვნელოვნად ზრდის აუცილებლობაზე, რათა მომხდარიყო ფუნდამენტური რეფორმები განათლების მიმართულებით,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებულ ვერსიასა და პირველკლასელებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა:

„მოგეხსენებათ, რომ წელს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებული ვერსია. ყველა პირველკლასელს სკოლაში დახვდა სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელო, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ არჩევანის თავისუფლებას და საავტორო უფლებების დაცვას. ყველა პირველკლასელს დახვდა განახლებული და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების კომპიუტერები, რომელიც მოსწავლეებს აძლევთ საშუალებას, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსი,“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა სასკოლო უსაფრთხოების კუთხით, განხორციელებულ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება:

„სასკოლო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. დღეის მდგომარეობით, დამატებით 41 სკოლაში შევიდა მანდატურის სამსახური და საერთო ჯამში, 2019 წლის ბოლომდე, სკოლების 80 პროცენტში უკვე იქნებიან სკოლის მანდატურები, ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის სასკოლო უსაფრთხოებას. ასევე 250 ლარით გაიზარდა მანდატურების სახელფასო ანაზღაურება. მანდატურის სამსახურის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა ფსიქო-სოციალური სერვისი. ახალციხესა და ზუგდიდში გაიხსნა დამატებითი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები, წელსვე მოხდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, რის საფუძველზეც სკოლაში ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვთა რეგისტრაცია, 515-მა მოსწავლემ უკვე მიიღო აღნიშნული მომსახურება,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა:

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. 880 სკოლაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, აშენდა 27 ახალი სკოლა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობების პრიორიტეტული სტრატეგიული პროგრამის ფარგლებში დასრულდა 91 სკოლის მშენებლობა,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

წაიკითხეთ სრულად