„ჩემს ყველა მოსწავლეს, რომელთათვისაც ერთი გაკვეთილი ან ლექცია მაინც ჩამიტარებია, დამდეგ ახალ წელს ვულოცავ.
თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში ბევრი ვესაუბრე ჩემს მოსწავლეებს. ყველაფერზე ვლაპარაკობდით, რაც კაცს ადამიანად აქცევს. ცხადია, ყოველ ჯერზე მინდოდა, ისინი კიდევ უფრო უკეთესნი ყოფილიყვნენ - ვსწავლობდით, განვიხილავდით, ვაფასებდით, ვფიქრობდით, ვწერდით, ვცდილობდით დაგვენახა, რა არის ნამდვილი და გადარჩენის ღირსი ცხოვრებაში. მათი განვითარებისთვის არაფერი დამიშურებია - როცა საქმე ბავშვებთან გაქვს, სიტყვები "სიზარმაცე" ან "გულგრილობა" სამუდამოდ უნდა დაივიწყო.
ხანდახან გაგაბრაზებენ, ხან თითქოს უყურადღებობას გაგრძნობინებენ, ხანაც შეიძლება ნაღველი შეგყარონ იმის გამო, რომ "არაფერი არ გამოდის", მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მათთან შეხვედრის ნებისმიერი დღე ღმერთის საჩუქარია, რომელიც თუ სრულად არ შეიგრძენი, შენი ფასი ერთი თეთრიც არ იქნება.
თქვენ ყველანი შეუცვლელები ხართ. ერთი თქვენგანიც რომ არ შემხვედროდა, შესაძლოა ჩემი ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო. არ ვიცი, უკეთესი თუ უარესი, მაგრამ - განსხვავებული. ყველანი მიყვარხართ და ეს არ არის უბრალოდ ორი სიტყვა.
თქვენ შორის უკვე კარგა ხანია არიან ბებია-ბაბუებიც, ზოგი კი ამ წუთისოფელსაც გამოეთხოვა. დიდი დრო გავიდა. მისგან წაღებულ ღიმილებს სხვა მოსწავლეთა სახეები ანაცვლებენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ერთი დიდი გაკვეთილი მასწავლებლისთვის არასდროს სრულდება.
გილოცავთ ახალ წელს - ბევრი სიხარული მოეტანოს თქვენთვის და თითოეული თქვენგანის ცხოვრება დაეცვას ავი გამოხედვისა თუ ქმედებისგან.
ერთად ყოფნის ბევრი დღე იყო თუ ცოტა, ისინი ჩვენი შეხვედრებისთვის თენდებოდა. ჩვენ ისეთ სიტყვებს ვამბობდით, რომლებიც, წარმოთქმის მომენტიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში, არსად გამქრალან. ის სიტყვები გვაერთიანებს და ერთმანეთისთვის ძვირფას ადამიანებად გვაქცევს - ჩემთვის თქვენ ყველანი ასეთები ხართ.
დაე, 2021 წელიც შეემატოს ჩვენს საერთო მახსოვრობას - ერთხელ მაინც თუ ვიფიქრებთ ერთად გატარებულ დღეებზე, ამ მოლოცვას დამატებითი აზრი შეეძინება.
გილოცავთ!
ბოლოს კი ერთი ფრაზა სამახსოვროდ:
ზარის დარეკვის შემდეგ არაფერი არ მთავრდება.
არის ამქვეყნად რაღაცები, რომლებიც ჩვენში იბადები