Baby Bag

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია...'' - ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კოვიდ დადებითია და უკვე მე-4 დღეა ვირუსს ებრძვის. გთავაზობთ მის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

,,ღამე არ მეძინა ტკივილისგან, გაუსაძლისია. მეჩვენება რომ გრავიტაცია ჩემს სხეულზე 5-ჯერ ძლიერად მოქმედებს და ძალიან მაგრად ექაჩება სადღაც. განსაკუთრებით ფეხები და წელი ვერ უძლებს.
ცოტა მახველებს. როცა ინჰალატორია ჩართული, ყურსასმენებს ვიკეთებ, ვითომ არ მესმის. გადასხმა არ მჭირდება, ვსვამ პლაქვენილს. ყოველ დილით სისხლის აღება აუცილებელია, ექიმებთან კომუნიკაცია მინიმალური. მედდა ლალი ისევ ენერგიულად დაქრის, ან არ ეძინება ან არ იღლება?! სიცხე რომ არ გვაქვს, ისე გვაქებს, ვითომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
გვერდით ერთი წლის ბავშვია და ვერ ვიტან სავალდებულო პროცედურები რომ უწევს, ვერ იგებს რას ერჩიან, ბავშვები არ უნდა ხვდებოდნენ აქ!
ტელეფონი დამივარდა, რირშახის ტესტივითაა ეკრანზე უშველებელი ლაქა, ხან ღამურად აღვიქვამ, ხან გაბრაზებულ ზაზუნად (უნდა ვიკითხო ხომ მშვიდობა მაქვს), ვარაუდით ვწერ ტექსტებს.
ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე 6 ნაბიჯია, ნახევარი ჩემია.
დილით 
Levan რეკავს ყავა მოგენატრებოდაო და ამომიგზავნა ნამცხვრებთან ერთად, გემო თითქოს გავიგე, მგონი ბრუნდება. ვიჯღნავლე- ლევანის ცოლი ექიმია აქ და თავზე აყრია საქმე, ამ დილით სამსახურში რომ მიდიოდა ორივე და ჩემი ყავა გაახსენდათ, კია საჯღნავლი.
აქ ზოგადად ძალიან გულჩვილი ხდები, დღეში რამდენჯერმე ვტირი გარანტირებულად. ხან მოწერილ გამამხნევებელ მესიჯებზე, ხან გარედან შემოსულ, ცოცხალი ქალაქის ხმაზე, ხან კირას კითხვაზე 'დე მალე მოხვალ თუ არა-მალე' და მე რომ უნდა ვუთხრა 'არა-მალე', ხან გაურკვევლობაზე. ვიკა ბუკიას ირინკამ მომიკითხა და ღნავილით მოვკვდი, რაღაცნაირი სევდიანი კავშირი რომ გვაქვს, მარტო ჩვენი, კორონული...
ჩემი კოვიდმეზობელი ნინო კარგადაა, თავისი კლასტერიდან დაურეკეს წეღან: '-კორონა როგორა ხარო?' იგუდებოდნენ სიცილით. მერე იმან იქედან თავისი კოვიდ მეზობელი გვაჩვენა 62 წლის ქალი, საწოლზე ყირაზე იდგა, ფეხები კედელზე შემოელაგებინა და იქნევდა - ვარჯიშობსო, ისევ ვიცინეთ.
უელბეკს ვკითხულობ, მაგრამ მინდა 'სამხრეთული სპილო' არ მქონდეს წაკითხული და ახლა, აქ ვკითხულობდე. ან გორგილაძეს ქონდეს რამე ახალი გამოცემულული. ქართული ამბები მინდა, ეს ევროპები ძალიან შორია ამ ნაცრისფერი პალატიდან.
კახელების იუმორი აქ რომ დავაფასე კი გითხარით. ნინო დგას გუშინ ფანჯარასთან, გარეთ იყურება... გამომხედა ცოტა ნაწყენმა 'დღესაც ღამდებაო' - ისევ ვუგუდებით... ასე ვიცინით, ვიდრე გაგვახსენდება რა საქმეზე ვართ აქ ორივე.''

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნის ელექტრონული ვერსია ყველა საგანში

მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნის ელექტრონული ვერსია ყველა საგანში
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ სასკოლო სახელმძღვანელობის ელექტრონულ ვერსიებს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. 

სახელმძღვანელობის ელექტრონული ვერსიები მხოლოდ ქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვისაა გათვლილი.

ელექტრონული სახელმძღვანელობის სანახავად გადადით ბმულ​ზე.

შენიშვნა:

ელექტრონული სახელმძღვანელობის ნაწილი არასრული სახითაა წარმოდგენილი.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

განათლების სამინისტრო ასევე გთავაზობთ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკას. 

ელექტრონული ბიბლიოთეკა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2011 წელს ჩამოყალიბდა. მასში თავმოყრილია განათლების სისტემაში არსებული სხვადასხვა სახელმძღვანელოს, სასწავლო კურსის, პუბლიკაციისა და ჟურნალის ელექტრონული ვერსიები.

სამინისტროს ინფორმაციით, მასალა პერიოდულად განახლებადია და ერთნაირად საინტერესო და სასარგებლოა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.

განათლებისა და მეცნიერე​ბის სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა


წაიკითხეთ სრულად