Baby Bag

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

ალბერ კამიუ დიდი ფრანგი მწერალი იყო. 1957 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. კამიუს პატარაობისას დაეღუპა მამა და გაზარდა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, რომელიც სმენადაქვეითებული იყო. კამიუზე დიდი გავლენა მოახდინა დაწყებით სკოლაში მისმა მასწავლებელმა ლუი ჟერმენმა. ნობელის პრემიის მიღებისთანავე კამიუმ ლუი ჟერმენს ეს წერილი გაუგზავნა.

წერილი მასწავლებელს

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,
ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა.

ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საწყალ ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია.
გეხვევით მთელი გულით.

წყარო: ​ნათია მასწავლებელი

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სა​ნდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაციას (საცდელ ტესტირებას) პროფესიულ უნარებში.
აპრობაცია ჩატარდება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42). 

აპრობაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნის მასწავლებელს.

ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი და 45 წუთი.

მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.

მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: trekhviashvili@naec.ge

მონაცემთა მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 20 სექტემბრის 12:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 032 2 473333 ან +99599145238.
წაიკითხეთ სრულად