Baby Bag

„ასეთ პედაგოგებზე და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს

„ასეთ პედაგოგებზე და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ბათუმელი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს. პედაგოგი, რომელიც ბავშვებს სახლში ამეცადინებს, ექიმს უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩატარებული პროცედურების შესახებ უყვება და ეკითხება, რამდენად სწორად იქცევა. გთავაზობთ მასწავლებლის წერილს, რომელსაც ბიძინა კულუმბეგოვი ასაჯაროებს.

„ბავშვები ჩემთან მოდიან ფარებით, მშობელს უკეთია ნიღაბი. ვცხოვრობ მესამე სართულზე და ისინი ამოდიან დისტანციის დაცვით. კარები ღია მაქვს, მიკეთია სათვალე და სამედიცინო ნიღაბი. პატარებს ოვაციით, სიყვარულით ვიღებ, ორი დეზობარიერი მაქვს, ერთი სადარბაზოში, მეორე - სახლში, კარებთან. ჯერ პირველზე იწმენდენ ფეხსაცმელებს და მერე დგებიან მეორეზე, ვუზომავ სიცხეს, ამის შემდეგ სხდებიან დეზობარიერთან სკამზე და იხდიან ფეხსაცმელებს, რომელსაც საკუთარი ხელით აწყობენ შემოსასვლელში სადეზინფექციო ხსნარით დასველებულ, გაშლილ ტილოზე.

შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით (სპირტი, წყალბადის ზეჟანგი...) ვუმუშავებ თავიდან ბოლომდე, ვეძახით სუნამოს დასხმას და სიამოვნებით ტრიალებენ, თავზეც ვასხამ, ხელებზეც. მერე იცვამენ ოთახის ჩუსტებს, რომელსაც ჩემთან ტოვებენ და პერიოდულად ვამზეურებ აივანზე. ფარის ქვემოთ ვუკეთებ პირბადეს. ამ პროცესს ესწრება სადარბაზოში მდგომი მშობელი და თუ ბავშვს ტემპერატურა არა აქვს, მიდის.

ბავშვი დგება საპირფარეშოსთან რიგში. როცა ცხრავე ბავშვი მოვა( მეათე მე ვარ), ვირჩევთ მორიგეებს. ისინი შედიან პირველები და ზედმიწევნით იბანენ ხელებს ყველა წესის დაცვით, მერე იკავებენ თავიანთ ადგილებს: ერთი მორიგე მეგობრებს უსხამს თხევად საპონს, მეორე - ურიგებს მშრალ სალფეთქებს, ბანენ წესების დაცვით, თავადვე ყრიან ურნაში გამოყენებულ სალფეთქებს. ამას ყველაფერს ხალისით ასრულებენ, ხუმრობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან, ,,ჭუკების ცეკვას" ცეკვავენ რიგში, ის მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი მათთვის სახალისოა, სიამოვნებთ ასრულებენ ყველაფერს. მერე შედიან სასტუმრო ოთახში( რომელსაც ყოველდღიურად ვუკეთებ სრულ დეზინფექციას ) აივნის კარები ღიაა, სხდებიან დისტანციურად და იხსნიან ფარებს (რომელთაც მერხებზე ვუწყობ), რჩებიან ნიღბებში.

ხელზე ვასხამ სანიტაიზერს. ნახევარ საათიანი მეცადინეობა ასე ტარდება მათი სრული ჩართულობით, ადგილზე მოძრაობით, თვალსაჩინოებების გამოყენებით, ესეც მოსწონთ და ხალისობენ, იცინიან , ნიღბებს უძლებენ, არ წუწუნებენ... შემდეგ გადამყავს სასწავლო ოთახში, სადაც მიდგას ერთმანეთისგან დისტანციურად დაშორებული მერხები. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური სასწავლო ნივთები. აქაც ჩატარებულია დეზინფექცია, ფანჯარა ღიაა. პირბადეს მხოლოდ პირზე ვუტოვებ, ცხვირს ვუთავისუფლებ. პატარები არიან და ხანდახან წამოახველებენ, დააცემინებენ და პირაკრულები, ვფიქრობ, დაცულები არიან. როცა აცემინებენ, პირბადეს ვუცვლი და ხელზე ისევ ვასხამ ხსნარს პატარა პულვერიზატორი მაქვს საამისოდ.

როცა საპირფარეშოთი სარგებლობენ, ხელს იბანენ, მაგრამ რომ შემოდიან, სანიტაიზერს მაინც ვასხამ. ამ მერხებთან ისინი კითხულობენ, ხატავენ, ძერწავენ, სახალისო ტესტებზე მუშაობენ, ჩხირკედელაობენ, მუსიკას უსმენენ, ერთმანეთს დისტანციურად ეკონტაქტებიან და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსწონთ, ჩემთან მოუხარიათ”

სახლშიც წასვლის დროსაც რიგს იცავენ, იცვლიან ჩუსტებს, დეზობარიერზე იცვამენ ფეხსაცმელს, პირბადეს იხსნიან და აგდებენ სპეციალურ ურნაში, ვუკეთებ ფარს, ისევ მუმუშავებ ხელებს და დამოუკიდებლად ჩადიან ქვემოთ მშობლებთან.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგწერეთ, რომ მინდა გკითხოთ, დასაშვებია? ხომ არ მეშლება რამე? იქნებ ასეთი რეგულაციების შემდეგაც არ ვართ დაცულნი?“ - წერს პედაგოგი ბიძინა კულუმბეგოვს.

როგორც იმუნოლოგი აღნიშნავს, ასეთ პედაგოგებზე და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა. „რამდენი უფიქრია, როგორ სწორად ესმის ბევრი ასპექტი ინფექციის მართვის და ბავშვების უსაფრთხოების,“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

​რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებზე

რა არის ამჟამად ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„კვლევები SARS-COV-2 ახალი ვარიანტის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და ამჟამად უკვე ბევრ სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა, ჯერ-ჯერობით მწირია, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად ცნობილია:

  • ახალი ვარიანტი ბევრად უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება, რადგან ამ ვირუსით ინფიცირებულების ბევრად უფრო მაღალ პროცენტს აქვს სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე „ძველი“ ვირუსით ინფიცირებულებს.
  • PCR ტესტები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება კორონავირუსის სადიაგნოსტიკოდ, ავლენს ვირუსის ახალ ვარიანტსაც (თუმცა, რა თქმა უნდა, იმის გამიჯვნას ვერ ახდენს, ახალი ვარიანტია თუ „ძველი“. ამისთვის გენეტიკური ანალიზი უნდა ჩატარდეს).
  • ვირუსის ახალი ვარიანტი დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას (რაც ჰოსპიტალიზაციის დღეების რაოდენობით არის შეფასებული) და სიკვდილობის გაზრდილ მაჩვენებელს (28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი) არ იწვევს.
  • ახალ ვარიანტს რეინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს (ანუ ეს არის პასუხი შეკითხვაზე, კოვიდგადატანილები ახალი ვარიანტით უფრო ადვილად ხომ არ ინფიცირდებიან).
  • როგორც კვლევების წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, არსებული ვაქცინები ეფექტური იქნება ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.
წაიკითხეთ სრულად