Baby Bag

„შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს“ - რა საფრთხეზე საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს“ - რა საფრთხეზე საუბრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით. ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა „მოწამლა“. ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით „მოწამვლის“ შემთხვევებიც.

მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტობრივად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კონსერვაციისთვის ასპირინის გამოყენება სარისკოა,“ - ბიოქიმიკოსი ირაკლი ჩხიკვიშვილი

ბიოქიმიკოსმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა მურაბის დამზადების ტექნოლოგიისა და რისკების შესახებ ისაუბრა:

„ახლა შაქრის ნაკლებად გამოყენების ტენდენციაა. გამოიყენება სხვადასხვა ნატურალური შაქარი, იყებენ სტევიას. ეს უფრო მისაღებია. ასევე იყენებენ შემსქელებელს, პექტინს უმატებენ, რომელიც შეასქელებს და თუ შაქარი ნორმალურია გემოვნური თვისებებით, არ დასჭირდება დამატებითი შაქარი. შაქარი საჭიროა 60%-მდე, რომ კონსერვაციული თვისებები ჰქონდეს. პროდუქტში თითქმის 60% უნდა იყოს შაქარი, რომ მან შეძლოს კონსერვაცია.

კონსერვაციისთვის იყენებენ სხვა საშუალებებს. საბჭოთა დროს ასპირინს იყენებდნენ კონსერვაციისთვის. შემდეგ ეს, რა თქმა უნდა, აკრძალეს. მისი გამოყენება სარისკოა.

კონსერვაციისთვის მჟავის გამოყენება შეიძლება ბოლოს, მაგალითად, ლიმონმჟავა. შეიძლება ჩავამატოთ ლიმონის წვენი. კონსერვაცია უკავშირდება მიკრობებისგან დაცვას. ანტიმიკრობული თვისებების მქონე ხელოვნურ ნაერთს იყენებენ ნატრიბენზოატს, მაგრამ მას აქვს ცუდი რეპუტაცია. მას ლიმონათებსა და სხვა საშუალებებშიც იყენებენ. ის, რა თქმა უნდა, რისკ-ფაქტორია სხვადასხვა დაავადების.

ტემპერატურული ზემოქმედების დროს ძალიან ბევრი ნაერთი, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული თვისებები, სამწუხაროდ, იჟანგება, დეგრადაციას განიცდის. გარდა კონსერვაციისა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც არის ჩვენს ხილში. არის სხვადასხვა თანამედროვე მეთოდი, რომელსაც იყენებენ, მაგალითად ორთქლით დამუშავება,“ - მოცემულ საკითხზე ირაკლი ჩხიკვიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად