Baby Bag

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ქუჩაში დგას - მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლო-მახლო.


ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც - ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს - ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.


კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს - არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება - კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა - აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მომავლის მცირე ნაწილი გამოვა და ის საშინელი ფრაზა უცებ მიედევნება : „ეჰ, რა თაობა მოდის!"


მე აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი:


მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე
„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან, ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით. და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულობოდა იმ დროს - საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იგივე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში - ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად: ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მომხდებოდა. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელ-თბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით - საზაფხულო არდადეგებით.“

გიორგი კეკელიძე

წაიკითხეთ სრულად