„მასწავლებლებმაც და მშობლებმაც თავი უნდა შეიკავონ ბავშვების ერთმანეთისგან შედარებისგან. ხშირად ვადარებთ ბავშვს მისსავე თანატოლს - ძმას, მეზობელს, მეგობარს, ბიძაშვილს... ეს ჩვეულებრვი ამბავი გვგონია, თუმცა ასე მოქცევა არაფრით არ შეიძლება, დამღუპველია. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის რეპლიკები. მასწავლებლებს ხშირად ჰყავთ საყვარელი მოსწავლეები და იციან ბაშვების ამოჩემება. მე ვიყავი საყვარელი მოსწავლე. ოღონდ ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ. შემეძლო, გაკვეთილი არ მესწავლა კარგად და ვიცოდი, რომ მაინც გამივიდოდა, მაინც კარგად წარმოვჩნდებოდი. მაშინ, როდესაც, ჩემს კლასელს ძალიან ბევრი უნდა ეშრომა, რომ თავი კარგად წარმოეჩინა. მასწავლებლების ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება იწვევს იმას, რომ ბავშვს უქვეითდება თვითშეფასება. ბავშვებს ასეთი თვითშეფასება აქვთ - თუ რაღაცა არ გამოსდით, ისინი თვლიან, რომ სხვა რაღაცაც არ გამოუვათ, ყველაფრის გენერალიზაციას აკეთებენ. თუ ვთქვათ, რომელიმე საგანი არ გამოსდის ბავშვს, თვლის, რომ სხვა საგანსაც ვერ ისწავლის. ეს დამოკიდებულება მტკიცდება მასწავლებლის და მშობლის მხრიდანაც. ხშირად ასეთ ბავშვებს ძალიან კარგი ინტელექტი აქვთ და ვერ ამჟღავნებენ, ასეთი დასწავლილი უსუსურობის გამო. თან მასწავლებელს უკვე აქვს შესაბამისი შეფასებები, მშობელსაც აქვს შეფასებები. იარლიყის მიწებება ხდება, რომელსაც მერე ვერ მოიშორებ რომც გინდოდეს, ვეღარც გააკეთებ ვერაფერს“.
ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ისაუბრა.