Baby Bag

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს,“- დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზმა სერაფიმე დანელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანისთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შესახებ ისაუბრა:

„უმძიმესი ჯვარია შვილის გარდაცვალება... ნურავის განაცდევინოს...

პირველ დღეებში თითქოს ოკეანის ფსკერზე გულაღმა წევხარ თვალებღია და გახევებული, ირგვლივ კი სიბნელეა და უსაშინლესი დუმილი...

შენს წინ თანაგრძნობით აღბეჭდილი სახეები კადრებივით ერთმანეთს ენაცვლებიან, გისამძიმრებენ, შენც პასუხობ, ოღონდ ფსკერიდან...

გადიან დღეები, დასაფლავება... ხალხის გასტუმრება... დადიხარ, საუბრობ, ლოცულობ, მაგრამ მაინც ფსკერიდან...

მერე ნელა-ნელა იწყებ სახეების გარჩევას და ხედავ სიმარტოვეში და სიჩუმეში მობუზულ საკუთარ შვილებს, შენს დანახვაზე შემკრთალ სახეებს და ძალისძალად იწყებ გამოფხიზლებას...

ო, რა ძნელია ეს გამოფხიზლება და რა რთული პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებსაც ვერავინ სხვა ვერ უპასუხებს შენს გარდა...

და სადღაც შორს, უსაშველოდ შორს პოულობ სინათლის სხივს, რომელსაც მთელი ძალებით ებღაუჭები და რომელსაც ამოყავხარ ფსკერიდან ზედაპირზე...

,,- დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!

ჩემი შვილი, ხომ შენი შვილიცაა,

მე თუ მიყვარს, შენ ხომ უფრო გიყვარს, რომელმაც შეჰქმენ სიყვარული...

მე თუ მისთვის კარგი მინდა, შენ ხომ უმჯობესი გინდა მისთვის!

შენ ხომ შენი ძე მხოლოდშობილი მომეცი მე, მაშ მიიღე ჩემი შვილიც შენ, როგორც წმიდა შესაწირავი...

საშინელი იყო ჩვენი დაშორება, მაგრამ მჯერა, უფრო დიდი იქნება სიხარული ჩვენი შეხვედრისა!

ამიტომ დიდება და მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის!"

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად