Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კარდაკარ უნდა მივიდეთ, მივაკითხოთ ყველას, ინდივიდუალურად დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არ არის სახიფათო,“ - თენგიზ ცერცვაძე

„კარდაკარ უნდა მივიდეთ, მივაკითხოთ ყველას, ინდივიდუალურად დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არ არის სახიფათო,“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად ორი ეფექტიანი გზა დაასახელა:

„რა უნდა ვქნათ? ჩემი აზრით, არის რამოდენიმე გზა. თუ ამას ჯანდაცვის სისტემის რესურსი ეყოფა, კარდაკარ უნდა მივიდეთ, მივაკითხოთ ყველას, ვკითხოთ, რატომ არ იცრებიან. ​ინდივიდუალურად დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არ არის სახიფათო. რა უნდა ამის დარწმუნებას? ორი მილიონი დოზაა გაკეთებული და მძიმე გართულების ერთადერთი შემთხვევა იყო, ისიც პირველ დღეს. ყველგან 200-300 ათას კაცზე ერთი გართულება მოდის.“

თენგიზ ცერცვაძის თქმით, აუცრელი ადამიანების ნაწილს აცრა აშინებს, ნაწილი კი ვაქცინის გაკეთებას საჭიროდ არ თვლის:

„ნაწილს ეშინია, რომ გართულებები იქნება. ​ნაწილი არ თვლის აცრას საჭიროდ. ნაწილი გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ კოვიდი არსებობს, მაგრამ ეს ჩვენ არ შეგვეხება. ასე არ შეიძლება. ინდივიდუალურად უნდა დავარწმუნოთ ყველა, მაგრამ ამას დიდი რესურსი სჭირდება.“

„მეორე გზა არის, რომ ​შემოვიღოთ სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის, როგორც გააკეთა ეს ამერიკამ, საფრანგეთმა და ევროპის ქვეყნებმა. არც იმათ არ უნდოდათ ამის გაკეთება. იქაც აპროტესტებდა ხალხი. წყლის ჭავლით და გაზით უხდება პოლიციას მათი დაშლა, მაგრამ იძულებულნი არიან,“ - აღნიშნულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად