Baby Bag

„გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ ვილაპარაკო, ამაზე სხვა „ექსპერტებს“ მიმართეთ, დავიღალე უსამართლო ნეგატივების მიღებით,“ - გიორგი ფხაკაძე

„გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ ვილაპარაკო, ამაზე სხვა „ექსპერტებს“ მიმართეთ,  დავიღალე უსამართლო ნეგატივების მიღებით,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის კოვიდზე საუბარს აღარ აპირებს:

„ადამიანმა, ალბათ, უნდა მიიღოს და აღიაროს რეალობა.

  • სიმართლე გითხრათ, მე ამ რეალობის არც მიღება და არც აღიარება მინდოდა, მაინც მჯეროდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საღი აზრი დამარცხდა, , ზოგადად მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართელოში.
  • ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ. აქ არ არის საუბარი, რომ გიორგი ფხაკაძემ ან რომელიმე ინდივიდმა წააგო. მთლიანობაში ქვეყანამ წააგო.
  • მოგვწონს თუ არა, ეს არის რეალობა. ცხოვრება ასეა, რომის იმპერიაც დაიშალა, საბჭოთა იმპერიაც, საფრანგეთისაც და დიდი ბრიტანეთისაც. ცხოვრება წინ მიდის. ოდესმე ეს მახინჯი რეალობაც შეიცვლება.
  • მე ვამბობდი, ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი მარტო იმას, რაშიც 100%-ით ვარ დარწმუნებული. ვამბობ ამ რწმენის გამო და არა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც მოვაწონო ან არ მოვაწონო.
  • თუ ადამიანებს არ სურთ დახმარების მიღება, თავს ზევით ძალა არაა. მე, ერთმა ადამიანმა, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ნეგატივი მივიღე და გადავიტანე, დაუმსახურებლად.
  • დღეს ქვეყანამ წააგო. წაგებაც უნდა ვაღიაროთ, ქვეყანაში მხოლოდ 190 000 ადამიანია აცრილი. რომ დაფიქრდე, შიშით გაგაჟრიალებს.
  • ყველაფერი ჩანს, ვინ გაყიდა საკუთარი თავი, პროფესია, სინდისი.
  • იმ ადამიანებს მივმართავ, რომ ჰგონიათ, თითქოს მოიგეს, თავისი პოზიცია რომ გაიტანეს. რა მოიგეთ? მაგალითად, ქვეყანაში ერთ დღეში 57 ადამიანი რომ გარდაიცვალა, ეს არის მოგება?
  • ის, რომ დღეში უამრავი ადამიანი გვეღუპება, რომ ანტივაქსერი ექიმები გვყავს, რომ მეცნიერებიდან საერთოდ აცდენილი ვართ და ყავის მკითხავების, ასტროლოგების გვჯერა, ამაზე რომ ვსაუბრობ, მლანძღავენ.
  • ტაშს უკრავენ პანდემიასთან დაკავშირებით, ვიღაც, ვთქვათ, მსახიობების და ჯანდაცვასთან შეხებაში არმყოფი ხალხის ყოველგვარ საღ აზრს აცდენილ გამოსვლებს. ეს არის „სპექტაკლის საზოგადოება“.
  • • თუ დღეს თქვენ ფაიზერით სამჯერ აცრილი არ ხართ, ბოდიში, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი ბრალია. რაც მე ლაივებში ინფორმაცია მოგაწოდეთ, ფეისბუქ გვერდზე ასობით სტატია, კვლევები დავდე, ათასობით ადამიანს პირადში ინფორმაციები მივაწოდე, ამის შემდეგ საღი გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ.

  • ქვეყანამ წააგო. ყველანი ვართ ამ დიდ საზოგადოებრივ სპექტაკლში - კოვიდი არ არსებობს, ჯანდაცვა ბრწყინავს, წამლები უიაფესია, განათლების დონე უმაღლესია. კარგი, დავიჯეროთ და ვიყოთ ასე, სანამ „გავქაჩავთ“.
  • კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ წავაგეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოიგო, ძალიან ცდება.
  • მთელმა ქვეყანამ, მარტო მთავრობამ კი არა, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ პანდემიასთან ომი წაგვეგო და ჩვენ წავაგეთ. მოგებაც უნდა ვაღიაროთ და წაგებაც. ვაღიარებ - წავაგეთ.
  • მე ყველაფერი გავაკეთე, რომ არ ვყოფილიყავით იქ, სადაც ახლა ვართ, მაგრამ რას ვიზამთ. აღმოჩნდა, რომ საღი აზრი საქართველოში პოპულარული არ არის.
  • მაგრამ ყველა იმპერია ერთ მშვენიერ დღესაც ინგრევა, ყველა წაგების შემდეგ არის მოგება. მაინც მჯერა, რომ შემდეგ ჯერზე მოვიგებთ.
  • ამჯერად კი გადავწყვიტე, კოვიდზე აღარ ვილაპარაკო, ამაზე სხვა „ექსპერტებს“ მიმართეთ. დავიღალე უსამართლო ნეგატივების მიღებით.
  • მე ბნელს პირში ვეუბნები, რომ ბნელია. ჩემგან არც პოლიტიკოსი გამოვა და არც რეალობის შემლამაზებელი „საბჭოთა“ექიმი. მე ვარ თანამედროვე სპეციალისტი, რომელსაც მინდა, საქართველოში დაინერგოს თანამედროვე მედიცინა, მაგრამ ეტყობა, ჯერ ადრეა.
  • ამიერიდან ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და საინტერესო პროექტებზე.
  • მოუფრთხილდით თავს, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე,“ - წერს გიორგი ფხაკაძე. 
  • შეიძლება დაინტერესდეთ

    რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

    რა ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად უახლესი ევროპული გაიდლაინების თანახმად?- დალი ტრაპაიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა დალი ტრაპაიძემ ჰიპერტენზიის მართვასთან დაკავშირებით უახლესი ევროპული გაიდლაინის მონაცემების შესახებ ისაუბრა:

    „საქართველოში მოქმედებს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის ივლისში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მას საფუძვლად უდევს 2018 წლის უახლესი ევროპული გაიდლაინი, სადაც მომატებულ არტერიულ წნევად შეფასებულია 140:90-ზე და მეტი. 139:89-ის ჩათვლით ითვლება ნორმალურ არტერიულ წნევად. 140:90 წნევის ქვევით სხვადასხვა მიდგომები არსებობს. 120:80 წნევა არის იდეალური. სამედიცინო პერსონალმა, როდესაც ასეთი პოპულარული ხასიათის გამოსვლები გვაქვს, ზუსტი მესიჯები მივაწოდოთ საზოგადოებას იმისათვის, რომ არ დაიბნენ.

    როდესაც ვეკითხებით, რამდენია ნორმალური არტერიული წნევა, პასუხი აუცილებლად იწყება სიტყვით: „ჩემთვის“ ან ახალგაზრდობაში მქონდა ეს და ახლა მაქვს ეს. რაც შეეხება მისაღწევ, სამიზნე წნევას მკურნალობის დროს, ეს შეიძლება იყოს 130:80-ზე, როდესაც შესაფასებელია უკვე თანმხლები დაავადებები. ეს არის მხოლოდ ექიმის პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება თანმხლები დაავადებების თაიგულში ის სამიზნე წნევა, რომელიც სისხლძარღვოვანი კატასტროფების განვითარებას შეამცირებს.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში გახშირდეს პრევენციული ვიზიტები, როდესაც ადამიანი მიდის ექიმთან იმისთვის, რომ დინამიკაში შეფასდეს მისი მდგომარეობა. ასიმპტომური ადამიანის მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში, უცილობლად გააუმჯობესებს კლინიკური მდგომარეობის პროგნოზს, თუ ეს მდგომარეობა აღინიშნება,“- მოცემულ საკითხზე დალი ტრაპაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

    წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

    წაიკითხეთ სრულად