Baby Bag

„ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ...“ - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი

„ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ...“ - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი

„​უღრმესი მადლობა, ჩემო გულშემატკივრებო. ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის.


ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას.


ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.


მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი. მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.


ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე.


მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას.


ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება.


კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!!


ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!“

ამის შესახებ „მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ფინალისტმა ლადო აფხაზავამ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად