Baby Bag

ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება

ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება

„ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან.


2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა. ხელფასების ზრდა დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.


განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან;


მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებას და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან;


მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინანსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას,“ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ტელესკოლის იუთუბ არხზე – 700 000-ზე მეტმა. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ონლაინ მედიაში ტელეგაკვეთილებს სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც პირველი არხი I განათლების ეთერში 30 მარტს დაიწყო. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდა დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის არის სპორტის, სიმღერის, ხატვის და ცეკვის გაკვეთილები.

წყარო: 1TV.GE

წაიკითხეთ სრულად