Baby Bag

„ბევრი ამბობს: „ვისაც თამაში უნდა, მაინც ითამაშებს,“ ეს ასე ადვილი არ არის,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბევრი ამბობს: „ვისაც თამაში უნდა, მაინც ითამაშებს,“ ეს ასე ადვილი არ არის,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საქართველოში ონლაინ კაზინოების აკრძალვის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა:

„ამ ასაკში თუ დავიცავთ ახალგაზრდებს თამაშისგან, ეს მნიშვნელოვანია. ბევრი ამბობს: „ვისაც თამაში უნდა, მაინც ითამაშებს.“ ასე ადვილი არ არის. ჩვენ წლების განმავლობაში ვესაუბრებოდით IT სპეციალისტებს. მოგვყავდა ჩვენც მაგალითები, როგორ ხერხდება, რომ ჩეხეთში ან სხვა ქვეყნებში ისინი ვერ თამაშობენ.“

მარინა კაჭარავას თქმით, ონლაინ კაზინოებს ძალიან აგრესიული მარკეტინგი აქვთ:

„მათ ასეთი აგრესიული მარკეტინგი აქვთ. პირდაპირ თანხას უსვამენ მოთამაშეებს. კრიტიკული პერიოდი არის 6-8 თვე, როდესაც ადამიანი მდგომარეობიდან გამოდის, ცდილობს, რომ ამოვიდეს აქედან. ზუსტად რვა თვეა გასული და მას ჰგონია, რომ გამოძვრა აქედან, ამ დროს მას ანგარიშზე უჯდება 50-დან 100 ლარამდე სათამაშო თანხა. ეს ისეთი ტრიგერია, რომ ძალიან ცოტა გაუძლებს ამას.“

„ბევრი ამბობს: „ზრდასრულია და ნუ ითამაშებს, ნუ შევა! მას თუ უნდა, ითამაშოს.“ ასეთი საუბარიც არის, რომ აქვს უფლება მოიკლას თავი. ეს საუბარი ისეთ აბსურდამდე მიდის... დიახ, არ აქვს უფლება, რომ თავი მოიკლას, ან სხვამ მოკლას. არც ღვთის წინაშე. ამ უფლებაზე როგორ შეიძლება იყოს ლაპარაკი საერთოდ? ეს არის უკიდურესი უბედურებაც და დანაშაულიც,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად