Baby Bag

„თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, ჩნდება რისკი, რომ დროის ერთ მონაკვეთში დაგროვდეს 100 000-ზე მეტი პაციენტი,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, ჩნდება რისკი, რომ დროის ერთ მონაკვეთში დაგროვდეს 100 000-ზე მეტი პაციენტი,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში ომიკრონის შტამის გავრცელების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა:

„გავრცელების სისწრაფის გამო დროის მოკლე მონაკვეთში, თუ ჩვენ დიდი რაოდენობით ადამიანი ავად გაგვიხდება, მაინც დიდი რისკი გვიდგება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის და სიკვდილობის დროის მოკლე მონაკვეთში გაზრდის. მაგალითად, დღეს ქვეყანაში დელტა ვარიანტია მთავარი, 25 000 ადამიანია ინფიცირებული, რომელიც ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. დაგროვდა ეს რაოდენობა. დაახლოებით, 5 770 ადამიანი არის კლინიკაში მოთავსებული.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში ომიკრონის გავრცელება ინფიცირების შემთხვევებს გაზრდის:

„თუ ომიკრონი იანვრის მეორე ნახევრიდან გახდება დომინანტური, ჩნდება რისკი, რომ დროის ერთ მონაკვეთში დაგროვდეს 100 000-ზე მეტი პაციენტი. მიუხედავად ჰოსპიტალიზაციის შემცირებული რისკებისა, ამ პროცენტიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი მოხვდება კლინიკაში.“

„ვაქცინების ეფექტიანობა, სამწუხაროდ, მკვეთრად შემცირებულია. ფაიზერის ორი დოზით აცრის შემთხვევაში ომიკრონის მანეიტრალიზებელი ძალის ეფექტიანობა ლაბორატორიულად ამ ეტაპზე არის მხოლოდ 33%. ბუსტერის დამატების შემთხვევაში 75%-მდე ადის ინფიცირებისგან თავის დაცვის შესაძლებლობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

კვებითი პირამიდა ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის - პედიატრ მაია ჩხაიძის რეკომენდაცია

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი დღიური რაციონის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კვებითი პირამიდა გააცნო:

„ეს არის კვებითი პირამიდა, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის არის მოწოდებული. ჩვენი რაციონიც ასე უნდა იყოს შედგენილი. ძირი, ანუ ფსკერი არის მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, პური. ერთი წლის შემდეგ ბავშვის კვების რაციონში ეს პროდუქტები უნდა იყოს ყველაზე მეტი. ბევრი პური, რასაკვირველია, არ არის კარგი. ამ პროდუქტებში არის ბევრი ნახშირწყალი, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა. შემდეგი უჯრა არის C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ასევე აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისევე მოზრდილისთვის. ამ პროდუქტების სამი პორცია უნდა მივცეთ ბავშვს დღის განმავლობაში.“

„შემდეგი ულუფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს ერთი წლის ასაკიდან. ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც ორი ჭიქით ფასდება. თუ ბავშვი ორ ჭიქა რძეს არ დალევს, ის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იოგურტით, ყველით. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? ისინი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. იმისთვის, რომ ბავშვმა კალციუმი კარგად შეითვისოს, D ვიტამინი აუცილებელია. რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილების და ძვლოვანი სისტემის კარგ განვითარებას. შემდგომი უჯრა არის თევზი და ხორცეული. ეს არის ის პროდუქტები, რაც ენერგეტიკას გვაძლევს ორგანიზმში და შეიცავს ცილას. ეს პროდუქტებიც აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ოდენობით. ყველაზე პატარა ულუფა, რაც უნდა მივცეთ ბავშვებს ეს არის დესერტი. ტკბილეული და მარილიანი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს. მათი მიღება ყოველდღე არ არის რეკომენდებული. პატარა რაოდენობით შეიძლება კვირაში რამდენჯერმე მივცეთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


წაიკითხეთ სრულად