Baby Bag

„ვინ უნდა წავიდეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე? ცხადია, პოლიტიკოსი! აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია,“ - დავით გადელია

„ვინ უნდა წავიდეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე? ცხადია, პოლიტიკოსი! აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია,“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ახალი ჯანდაცვის მინისტრის დანიშვნის მოლოდინში მოქალაქეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი სურვილი მაქვს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებში გაიფანტოს მაღალი თანამდებობების მიმართ მაგიური ზემოქმედებითი გავლენა და აღარ გვქონდეს ლამის ირაციონალური პატივისცემა და რიდი (ოცნებასაც არ ვწერ, რადგან ზოგისთვის ის ოცნების მიღმაცაა) „თანამდებობის პირებისადმი".

მოგეხსენებათ, ახლა განთავისუფლდა ჯანდაცვის (მოკლედ ვამბობ) მინისტრის თანამდებობა და არის ერთი ამბავი- გამოკითხვები და მარჩიელობა-ვის დააყენებენ, ვის დანიშნავენ იქ, „ზევიდან"?!

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მინისტრად დანიშვნა ჰგონია ოლიმპოზე, ღმერთების რანგში აყვანა. სრულიად ჩამორჩენილი შეხედულებაა! არის კი ასეთი მიმზიდველი მინისტრობა? განსაკუთრებით, ჩემს ახალგაზრდა მეგობრებრებს და თანამემამულეებს მივმართავ და მათ მინდა ჰქონდეთ სწორი, გამართული ხედვა. ფინანსური თვალსაზრისით: ვნახე მინისტრის ხელფასი (საჯარო ინფორმაციაა), 3500 ძირითადი+2700 ლარი დანამატი. ეს დარიცხული და ჯამში, თვეში ხელზე გამოსდით 5000 ლარის ფარგლებში. ნუ დაიჯერებთ ჭორებს, რომ „ჯანდაცვის მინისტრები მილიონებს აკეთებენ!" თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 14-15 წელია ასეთი რამ არ მომხდარა და იმედი- რომ არასდროს მოხდება! ეს ჭორები მართალიც რომ იყოს, „თქვენ" ხომ არ ხართ ასეთი! „თქვენ" რომ დაგნიშნონ, ხომ არ მოიპარავთ ფულს და იქნებით ამ ხელფასის ამარა? ჰოდა უნდა გითხრათ, რომ თვეში 5000 ლარი არცერთი გამორჩეული, მოთხოვნადი ექიმისთვის არაა საოცნებო ხელფასი. არც კარგი მენეჯერისთვისაა ეს თანხა რაღაც საოცარი. ამიტომ, ჩემი აზრით, არცერთი გამორჩეული ექიმი, ან მაგარი მენეჯერი არ წავა ამ ეფემერულ, არასტაბილურ სამუშაოზე, სადაც დღე და ღამე უნდა იმუშაო, ძილშიც ფიქრისგან თავი გტკიოდეს და მაინც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილო გყავდეს და ორშაურად გაგინებდეს დედას! ოპოზიციაზე არაფერს ვამბობ... ამ ფასად არ ღირს ნამდვილად!

ამიტომ, ვინ უნდა წავიდეს ამ თანამდებობაზე? როგორაა სხვაგან? ცხადია პოლიტიკოსი! ადამიანი ვისაც აქვს ამ მიმართულებით პოლიტიკის წარმოების ვალდებულება, თავისი გუნდის წინაშე. აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია. მეტიც- სასაცილოც! ისე, გულახდილად რომ ვთქვათ- არც ექიმობაა აუცილებელი, მაგრამ კონსერვატორები ვართ ექიმები და მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა მინისტრი სხვა პროფესიისაა (მგონი სულ 1 შემთხვევა იყო ჩვენთან). მთავარი და შეიძლება ერთადერთიც, რაც მოეთხოვება მინისტრობის კანდიდატს, არის სისტემური აზროვნება. სასურველია, მთელი სისტემა დეტალებში ჰქონდეს წარმოდგენილი. აუცილებელია ასევე, რომ მინისტრი ეთანხმებოდეს არსებულ სისტემას, ან თუ თვლის რომ სისტემა (ამ შემთხვევაში ჯანდაცვის) შესაცვლელია - წინასწარ წარმოადგინოს შეცვლის კონცეფცია.

პ.ს. ერთ-ერთ საიტი ეკითხებოდა მკითხველს- ვის ისურვებდა ჯანდაცვის მინისტრად. აბსოლიტური უმრავლესობის პასუხი ისეთი იყო, რომ ისევ დავრწმუნდი დიდ სიბრძნეში: ძალიან ბევრ ხალხს ერთდროულად, ჭკუა არ უნდა მოკითხო!“ - აღნიშნავს დავით გადელია.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიდი ალბათობით (90 % !! ), თქვენ დაამარცხეთ კოვიდი'' - როგორია კოვიდის 10 დღე

,,თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიდი ალბათობით (90 % !! ), თქვენ დაამარცხეთ კოვიდი'' - როგორია კოვიდის 10 დღე
ექიმი სოფიო ბერიძე კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას სოციალურ ქსელში რეკომენდაციით მიმართავს:

,,ჩემი ხომ გჯერათ?

ნუ ვისაც გჯერათ

კოვიდის 10 დღე

დღე 1 - არ იცით, რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)

დღე 2 - გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია) 

მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ

დღე 3 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები

დღე 4 - დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ -მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, თხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები

დღე 5 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს. ( ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით)

დღე 6 - იგივეა, რაც დღე 5 

დღე 7 - თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება

თუმცა:

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრნობთ სუსტად და ცუდად,

გაქვთ გახშირებული სუნთქვა

მომატებული პულსი

დაბალი სატურაციის ციფრები

თუ ექიმი არ გპასუხობთ 

თუ სასწრაფო არ გპასუხობთ 

მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში. ჰიპოქსიის (ჯანგბადის ნაკლებობის) დროს - ყოველი საათი მნიშვნელოვანია❗️ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!!

დღე 8 - თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია

ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი

ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ

გ) ხართ კლინიკაში - მოეშვით და მიენდეთ ექიმებს დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ როგორც გასწავლიან 

დაიმახსოვრეთ - შფოთვა ყველაზე დიდი მტერია

დღე 9 - კოვიდი უკან იხევს!

თქვენ ეს შეძელით

თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ

დღე 10

თუ თქვენ მიყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 % !! ) თქვენ დაამარცხეთ კოვიდი. გილოცავთ!

თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება 

კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!!

არ დანებდეთ!

p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები.

იშვიათი გამონაკლისები იშვიათია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!'' - აღნიშნავს ექიმი. 


წაიკითხეთ სრულად