Baby Bag

,,ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახს მამა - აცრილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს''

,,ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახს მამა - აცრილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს''

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აც­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს:

,,ისევ აცრის შესახებ..

ძალიან ვთხოვე ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ამირანს, გარდაცვლილთა რაოდენობის გამოცხადებისას ისიც აღნიშნონ, რამდენია მათ შორის ვაქცინირებული. იდეა მოეწონა, მაგრამ ტექნიკურად ცოტა რთული აღმოჩნდა იმავე დღეს დიფერენცირება. ამიტომ თვის ჭრილში აკეთებენ, თუმცა თვის ჭრილში ამას ნაკლები ადამიანი ეცნობა და კარგავს იმ მნიშვნელობას, რაც უნდა ჰქონდეს. გარდაცვლილთა 1%-იც არ იქნება აცრილი! ჩვენთან ერთი გარდაიცვალა მხოლოდ და ისიც ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებით - შეიძლება კოვიდის გარეშეც რომ გარდაცვლილიყო! რამდენი ხანია ბოჭორიშვილის კლინიკის 20 კაციან რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მოხვედრილა! ესაა მთავარი!

წინა სტატიის კომენტარში ასეთი რამ გამოჩნდა: ,,თანმდევი დაავადებით ისეთი ხალხი კვდება კოვიდის დროს, რომელიც ისეც მოკვდებოდნენ" - ო. დამახინჯებულადაა გადმოცემული ჩემი ერთი ქეისი. მართლაც გარდაგვეცვალა ერთი აცრილი პაციენტი, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ" ყველა ვინც კვდება მომაკვდინებელი სხვა სენიც აქვს". უკუღმართი ლოგიკაა. რა თქმა უნდა არსებობს რისკის ჯგუფი, ვისაც განსაკუთრებით ერჩის კოვიდ-19, მაგრამ ეს ვირუსი რომ არ შეხვედროდა, 20-30წელს იცხოვრებდა! აბა, საბოლოოდ ყველა მოკვდავები ვართ. თანმდევი დაავადებებიდან გამოვარჩევდი დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკულ დაავადებებს, სიმსუქნეს! ჩემი წონის კაცი უკვე რისკ ფაქტორის მქონეა, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელად ვითვლები.

ორშაბათს, დილის კონფერენციაზე, ჩვენი კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის უკვე ძალიან ბევრის მნახველი უფროსი, Tata Kachibaia მკვდარი სახით შემოვიდა.. ბევრჯერ მითქვამს, როგორ ბერდებიან ერთ დღეში რამოდენიმე წლით ექიმები.. წინა ღამით ორსაათნახევარი იბრძოდა ახალგაზრდა, 40 წლის კოვიდიანი მამაკაცის სიცოცხლისთვის. ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახს მამა.. 

ავადმყოფი დიდი წონის მქონე იყო (ამის გამო დიაბეტიც ჰქონდა დაწყებული). ძალიან დიდი სინანულით და ამავე დროს სრული დარწმუნებით თქვა თათამ: "აცრილი რომ ყოფილიყო აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს და შეიძლება ჩემთანაც კი არ მოხვედრილიყოო". წვრილშვილიანი ოჯახი დარჩა უმამოდ. ვთხოვე, ეს სიტყვები ტელევიზიითაც ეთქვა, მაგრამ სააერთოდ სიტყვაძუნწია და მივეცი თავს უფლება აქ მეთქვა თქვენთვის,'' - აღნიშნავს დავით გადელია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ,“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი

„ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ,“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი პაციენტებში კოვიდ 19-ის მძიმე და მსუბუქი მიმდინარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჯანმრთელ ადამიანებში ვირუსი მარტივად მიმდინარეობს:

„კვლევები ჯერჯერობით არ ჩატარებულა, მაგრამ ემპირიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბევრი სპეციალისტი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ მოსახლეობა არის მომზადებული, არის ჯანმრთელად, თუ მათ თანმხლები დაავადებები აქვთ კომპენსირებადი, ​არ აქვთ გართულებები, დიაბეტი არის კარგად მართული, კარგად აქვთ ნამკურნალები ჰიპერტონიული, იშემიური დაავადებები, არიან ოჯახის ექიმის ან პირველადი ჯაჭვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, აქვთ ხშირი და სწორი ვიზიტები, დანიშნულებისადმი დამყოლები არიან, ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ.“

თიმ გურჩი აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი მაღალია ეკონომიკურად შეჭირვებულ და არაკომპენსირებული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში:

„კოვიდის დაავადებით უფრო ხშირად კვდებიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მრავალი თანმხლები დაავადება, რომლებიც არ არის კომპენსირებული. მათ აქვთ ნუტრიციული პრობლემები, ეკონომიკურად არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ არ აქვთ საშუალება მიმართონ ჯანმრთელობის ქსელს. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი მოსახლეობა მოვამზადოთ მძიმე დაავადებისთვის, ის უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ჯანმრთელი, რომ რაც შეიძლება ჯანმრთელად შეხვდეს ნებისმიერ გამოწვევას, იქნება ეს ინფექციური თუ არაინფექციური დაავადება. თუ პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, ხელოვნურ ვენტილაციაზე, მრავალი თანმხლები მძიმე დაავადებით, ​ასეთ პაციენტში მოსალოდნელია გახანგრძლივებული გამოჯანმრთელება. არ არის გამორიცხული, რომ ამ პაციენტებს განუვითარდეთ პერმანენტული ცვლილებები ფილტვებში, ნერვულ სისტემაში. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც იყო მძიმე ან საშუალოდ მძიმე მდგომარეობაში, უნდა იყოს ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ.“

„ერთი ჯგუფი მინდა გამოვყო. ეს დაახლოებით 10 %-ია ამ პაციენტების, რომლებსაც მრავალსისტემური არასპეციფიკური სიმპტომები უჭიანურდება მრავალი კვირისა და თვეების განმავლობაში. ეს პაციენტები ხშირად უჩივიან დაღლილობას, მთელი სხეულის ტკივილს, კოგნიტური დისფუნქციები და უძილობები აქვთ. მათ ობიექტურად არ უვლინდებათ ორგანოების დაზიანება. ცნობილია ასევე პოსტვირუსული სისუსტის სინდრომი და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამ პაცინეტთა მკურნალობა არის ძალიან ძნელი. ​უბრალოდ შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, მოხდება თუ არა მათი მთლიანად განკურნება. უმეტესად ეს არის სინდრომული და სიმპტომური თერაპია. 80 %-ს არავითარი კვალი არ რჩება კოვიდის გადატანის შემდეგ. ის 20 % მოითხოვს ძალიან ყურადღებიან სიმპტომების მართვას,“ - აღნიშნულ საკითხზე თიმ გურჩი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ საუბრობს.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად