Baby Bag

„თბილისში კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა მოხდა… სად არის ღირებულებები? სად არის სიყვარული? სად არის კანონი?“ - გია მურღულია 17 წლის მოზარდის მკვლელობაზე

„თბილისში  კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა მოხდა… სად არის ღირებულებები? სად არის სიყვარული? სად არის კანონი?“ - გია მურღულია 17 წლის მოზარდის მკვლელობაზე

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში 17 წლის ბიჭის მკვლელობის შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ვალდებულია პრობლემის მიზეზები მოიძიოს და მომხდარი გააანალიზოს:

„მეხსიერების აუცილებლობა

თბილისში კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა მოხდა - 17 წლის ბიჭს მისმა თანატოლებმა 10 დაუნდობელი ჭრილობა მიაყენეს.

მავანი გულგრილი თუ ფილოსოფიური სახით იტყვის: სამწუხაროა, მაგრამ ასეთი რამ ხანდახან ყველგან ხდებაო.

არ შეიძლება ასე ფიქრი! - შემგუებლობა პირდაპირ ბადებს მარცხს.

ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო არ უნდა იყოს ფაქტისა თუ მოვლენის უბრალო ფიქსატორი - ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გავაანალიზოთ, შევაფასოთ, მიზეზები მოვიძიოთ და პრინციპული გადაწყვეტილებები მივიღოთ.

მეხსიერების სიტკიცე და მდგრადობაა საჭირო!

განა რა გვჭირს ასეთი, რომ ყველაზე ამაზრზენი დანაშაული თუ პრობლემა ერთ კვირაზე მეტ ხანს თავსა და ცნობიერებაში არ გვიჩერდება?!

რატომ არ გვაღელვებს ის, რაც ჩვენს ქვეყანას შიგნიდან ღრღნის და ბუნებას უმსხვრევს?

სად არის ღირებულებები?

სად არის გონიერება?

სად არის გულწრფელი ემოცია?

სად არის სიყვარული?

სად არის კანონი?

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული საშინელი უბედურების განხილვა/შეფასებისას (ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით რომ გადაიცა) ვთქვი, რომ რამდენიმე დღე ვიგლოვებდით, ვივიშვიშებდით და მერე ყველას ყველაფერი დაავიწყდებოდა... მომდევნო მკვლელობამდე. მინდა ვცდებოდე, მაგრამ ამის ძალიან მკაფიო განცდა მაქვს და ზუსტადაც ვიცი-მეთქი.

რა გავაკეთეთ და შევცვალეთ, რომ შემდეგი რისკები მინიმუმამდე დაგვეყვანა და ცნება "ვაჟკაცობის" დეგრადირებული ახსნა თუ განცდა შეგვეზღუდა მაინც?

რა ბადებს მოზარდი მკვლელის ცნობიერებასა და განწყობას?

სად ვუშვებთ შეცდომებს?

სად არის საოჯახო, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ან სასკოლო აღზრდის სისტემა?

ზოგიერთი (ყველას ყველაფერს რომ ასწავლიან, მათი წრიდან) მეტყვის, ამ ერთი ამბის გამო სისტემური ტრაგედიის ხსენება მართებული არ არისო.

ტყუილია ეს! - სისტემა კონკრეტულ შემთხვევებში ჩანს.

ბოლოს და ბოლოს, ამ თემაზე (როგორ ვაყალიბებთ ახალი თაობის ღირებულებათა სისტემას) დიდი საზოგადოებრივი დისკუსია უნდა მოვაწყოთ.

განათლების სფეროს ნამდვილი რეფორმა (ახლა ამ სიტყვით ყველაფერ სხვას მოიხსენიებენ), პირველ რიგში, აღზრდის სისტემის გააზრებასა და ჩამოყალიბებას გულისხმობს.

რატომ?

იმიტომ, რომ სწორედ ის ქმნის გარემოს, რომელიც კანონზე უწინარეს იცავს ამ საზოგადოებას ბოროტების, სიშლეგისა და უპასუხისმგებლობის ჭაობისგან.

რაც ამ დღეებში მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ან ახალგაზრდა კაცის ტრაგედია - ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა.

და ბოლოს:

მხოლოდ აღზრდის სისტემის შეცვლა (თუნდაც კარგი და სწრაფი) ასეთი პრობლემების მოგვარების არ და ვერ უშველის.

აუცილებელია, რომ კანონმა იკანონოს - ყველასთვის თანაბრად!

ის უკიდურესად პრინციპული უნდა იყოს მკვლელის მიმართ, რათა დანარჩენმა ადამიანებმა მშვიდად აშენონ კეთილი და სამართლიანი მომავალი.

მუდმივი ქართული „თავის დაძვრენა“ და „ჩვენიანის ხსნა დამსახურებული სასჯელისგან“ უნდა დავივიწყოთ - ეს „ჰუმანურობა“ და „სიყვარული“ კი არა, ნაძირლობაა.

როდესაც ცნობიერება ავად არის, მას განკურნება სჭირდება,“ - აღნიშნა გია მურღულიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ საკუთარ თავს არ ზრდი, შვილს ვერასოდეს აღზრდი...“

„თუ საკუთარ თავს არ ზრდი, შვილს ვერასოდეს აღზრდი...“

„თუ საკუთარ თავს არ ზრდი, შვილს ვერასოდეს აღზრდი, რადგანაც აღზრდა ყველას გვაკლია. უნდა იფიქრო, როგორ გავხდე უკეთესი ხვალ ჩემი შვილისთვის. როგორ შევიკავო თავი, არ დავუყვირო, როგორ მოვეფერო, მშვიდად ვუთხრა სიტყვა, წიგნი როგორ წავუკითხო, რომ საინტერესო იყოს, სად გავყვე და ა.შ. ამაზე თუ არ იფიქრე, რა აღზრდა უნდა გამოვიდეს?

ჩვენი აღზრდა იმპულსებით მიდის, კარგი გააკეთა, ჰი ჰი, ცუდი გააკეთა, ჰო ჰო. ჰუმანურ პედაგოგიკაში მთელი აღზრდის სიმძიმე გადადის პიროვნებაზე.

ხშირად ამბობენ, ნუ, რა ვქნა ცხოვრება ასეთია. თუ მიჰყვებით ნაფოტივით წყალს, გაჰყევით ბატონო. სადაც მიხვალთ, დაინახავთ. ჩვენი მიზანია, ცურვა დინების საწინააღმდეგოდ. თუ გინდა ბავშვი აღზარდო, სათავესთან უნდა მიიყვანო, სადაც სიწმინდე იბადება. ამიტომ უნდა იარო ცხოვრების წინააღმდეგ და თუ საკუთარ თავს არ ზრდი, დინების საწინააღმდეგოდ ვერ წახვალ…“

აკადემოკოსი შალვა ამონაშვილი

წაიკითხეთ სრულად