Baby Bag

,,ამერიკულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ კოვიდგადატანილი 16 თვის მანძილზეა დაცული''

,,ამერიკულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ კოვიდგადატანილი 16 თვის მანძილზეა დაცული''

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კოვიდგადატანილებსა და მათ აცრაზე საუბრობს:

,,​ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დადება, გავაჩერე და ეს შეცდომა აღმოჩნდა.

გავაჩერე იმიტიმ, რომ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ყავს აცრილი, მოგაკერებენ რაღაცა იარლიყებს.
თანაც ის, რომელსაც ერთი პაციენტიც კიარ აუცრია.
და მაინც
მიუხედავად ამისა
ყოველდღე უნდა მეწერა ალბათ ამაზე.
მოეშვით კოვიდგადატანილებს.
იცით რა ამბავი ატყდა როცა ჰონგკონგში პირველი ადამიანი დაფიქსირდა, მოხუცი კაცი კოვიდით მეორე ინფექციით?
მთელი მოსოფლიო მოიარა ამ ამბავმა და მაშინ, გასული წლის აგვისტოში მსოფლიოში კოვიდი მილიონობით ადამიანს ჰქონდა.
გერმანიაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ამა წლის იანვარში და ამანაც მოიარა მთელი გერმანია.
მას შემდეგ მიდის დისკუსია იმაზე, თუ რაა ეს მეორედ კოვიდი...
მართლა მეორედ კოვიდია? ამას გენეტიკური მტკიცება უნდა. უიშვიათესია, მეათასედი პროცენტის ფარგლებშია. ნახავთ რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე, რომ, ყველა კვლევა, რაც ამ მხრივ ჩატარდა, ვერ აკმაყოფილებს უმთავრეს კრიტერიუმს და ესაა
მართლა ახალი ინფექციაა??
ან იქნება და ლონგ კოვიდია, ანუ დაბალსიმპტომიანი პერსისტირებაადი კოვიდია? ეს ხდება ხოლმე მაქსიმუმ სადღაც 0,12 დან 0,18% ში, როცა გენეტიკური მასალა იგივეა. ეს ფორმა ზოგადად სიცოცხლისათვის არასაშიშია.
ან იქნება და კოვიდის რეაქტივირებაა? ესეც არის ხოლმე და აქაც პროცენტულად 0,1% ზე დაბლა ვართ.
მოკლედ და კონკრეტულად
მეორედ კოვიდით ინფიცირება ხომ იშვიათია, რარიტეტია, უიშვიათესია
და მეორედ კოვიდინფექციით გარდაცვალება საერთოდ უიშვიათესი ფენომენია.
ყველანაერი ტიპის, იქნება ეს ლონგ კოვიდი თუ რეაქტივირება თუ რეინფექცია თუ სავარაუდო და ეჭვის შემთხვევები...
ყველა ამისი ჯამური პროცენტი არის 0,6%!
არა მოსახლეობის, არამედ კოვიდგადატანილის.
ანუ
1000 კოვიდგადატანილიდან 6 ადამიანს აქვს პრობლემა კოვიდის გამო.
და აი ახლა უმთავრესი.
ლონგ კოვიდ პაციენტის აცრა არ შეიძლება.
კოვიდრეაქტივირებულის, ანუ ძველი კოვიდის რექტივირებულის აცრა არ შეიძლება.
აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდის გადატანის მერე რაიმე პრევენციული დადებითი ეფექტი აქვს აცრისაგან, იმ 1000 კოვიდგადატანილშიც ვერ იპოვით და ვერც 10.000 კოვიდგადატანილშიც ვერ იპოვით და უფრო 100.000 კოვიდგადატანილებზე უნდა გადახვიდეთ რომ ერთი ახალი კოვიდის ახალი ინფექცია კიარა, არამედ ავადმყოფობა შეამციროთ.
და თუ მძიმე გართულებაზეა საუბარი, აქ ის 100.000 კოვიდგადატანილიც არ გეყოფა, უკვე მილიონზე უნდა გადახვიდე.
ამერიკულმა პროსპექტიულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ კოვიდგადატანილი 16 თვის მანძილზეაო დაცული.
ახლა გამოიცანით, როდის დაიწყო ეს დაკვირვება და რამდენი ხანიაა კოვიდი დედამიწაზე და როდის გამოქვეყნდა ეს რიცხვი 16 თვე.
მიხვდებით რომ მთელ პანდემიის ეპიზოდს მოიცავდა და წინასწარმეტყველებაზე უარი თქვეს მკვლევარებმა.
ეს ..კოვიდგადატანილების,, თემა უკვე მთელ მსოფლიოში უინტერესო გახდა, რადგან არაფერ ახალს და სპექტაკულურს არ ჰქონია ადგილი.
აქამდე კოვიდის დაახლოებიტ 70 მდე შტამი თუ მუტაცია გავიარეთ და არცერთ მუტაციას თუ კოვიდვარიაციას არ გამოუწვევია კოვიდგადატანილების რაიმე რელევანტური რეინფექცია.
სტატისტიკა დარჩა და რჩება იმ არსებულ ჩარჩოებში.
არ არსებობს აბსოლუტიზმი არსად, მითუმეტეს დედამიწაზე და ამიტომაც
მოეშვით ამ კოვიდ გადატანილებს
ვიცი რომ საქართველოში ასიათასი ადამიანი ამტკიცებს და ექიმიც დაგიდასტურებთ რომ მეორედ ჰქონდაო კოვიოდიო და აი ის მეორე იყო, რაც იყოო.....
მაგრამ ფეიკია
ან ახლა არაა კოვიდი და ან მაშინ არ ჰქონდა.
კოვიდ ტესტების სკანდალებს ყველა იცნობს უკვე
სხვათაშორის, გერმანიაში მეორედ კოვიდით გარდაცვლილი გარდაიცვალა ბაქტერიული სეფსისით, ორმხრივი ფილტვის ანთებით.
განსაკუთრებით ხშირია, აი იმ 0,06 დან 0,12% შემთხვევებში, სადაც თვლიან რომ ახალი კოვიდის ან სხვა რეინფექციის ვარაუდია, აი ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია მძიმე ქრონიკულ პაციენტებში, განსაკუთრებით დიალიზის და ქიმიოთერაპიის კოვიდიან პაციენტებში.
ანუ, იმ 0,12% ის 99% მოდის მძიმე დაავადების პაციენტებზე.
ჯანმრთელ კოვიდგადატანილებში მეორედ კოვიდი არის სასწაული იშვიათობა,'' - აღნიშნავს იაგო ფრანგიშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს''

,,სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს''

MomsEdu.ge ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფის მიმართვას გთავაზობთ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და ვაქცინაციის თემას ეხება:

,,დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია.

ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად. არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. ამ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ფაიზერის ვაქცინას ამერიკის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი და დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს. იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება.

კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ მასშტაბის პანდემიის ჩახშობა შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე. ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი უდავოდ დაგვეხმარებოდა და ვაქცინაციასთან ტანდემში უფრო გაგვიმარტივებდა პანდემიის კონტროლს, მაგრამ ანტივირუსული თერაპია დამხმარე საშუალებაა და ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს სკეპტიციზმი და ირაციონალური შიში ვაქცინაციისადმი. ჩვენ, ექიმები და მეცნიერები, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებთ კიდეც.

ჩვენი გმირი ექიმები სიცოცხლის რისკის ფასად, მუხლმოუხრელად შრომობენ. ნაწილი საავადმყოფოებში, ნაწილი რეგიონებში კარდაკარ დადის, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და საყოველთაო აცრებს საკუთარი ხელით აწარმოებს. შედეგიც არ აყოვნებს.

გვსურს, სრული თანადგომა გამოვხატოთ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ.

ასევე, როგორც მედიცინის სხვადასხვა დარგში მომუშავე პროფესიონალებმა, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველას შევახსენოთ აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებების შესახებ:

1. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.

2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.

3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის.

4. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება:

a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე

b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე

5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის.

6. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის.

7. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს.

8. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.

9. აცრა არ იწვევს უშვილობას.

10. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.

11. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის.

12. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ.

13. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და კოვიდ-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს.

14. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.

ამავდროულად:

1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს.

2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა.

3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის.

კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას გამოვეხმაუროთ საზოგადოების ნებისმიერ კითხვას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი,

ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია

თეა ბერულავა, Evotec SE, გიოთინგენი, გერმანია

რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი

მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი

მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სანჰოზე, კალიფორნია

გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია

ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ

ზურაბ გურული, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ

ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი

გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი

ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი

ქეთევან ლობჟანიძე, პარიზის ტრუსოს საავადმყოფო, საფრანგეთი

არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი

მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ

დავით მრელაშვილი, ექიმი ნევროლოგი, აშშ

ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია

ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია

ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი

ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია

თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუჯერსი, აშშ

ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო

ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ.''

წაიკითხეთ სრულად