საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია'' - ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება მშობლებს
ჯანდაცვის სამინისტრო რიგი ფიზიკური პირების მხრიდან სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ 0-17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200 ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტზე საუბრობს:
„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან,“ - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.