Baby Bag

პრემიერ-მინისტრის განცხადებით აღნიშნული სიახლე პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით აღნიშნული სიახლე პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ბრიფინგზე მწვანე პასპორტების ამოქმედების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა:

„დღეს ვიმსჯელეთ მწვანე პასპორტის კონცეფციის და სხვა წამახალისებელი ღონისძიებების თაობაზე. მინდა გითხრათ, რომ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:

პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი.

მინდა განვმარტო, თუ რას ნიშნავს მწვანე პასპორტი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი მოსაზრება. ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის საშუალებით შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას. ამის თაობაზე ჩვენს პრესსამსახურს ვთხოვ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელოს.

მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ვარ ვალდებული თითოეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრობა სავალდებულო ვაქცინაციას. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება, ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის სავალდებულო და არ იქნება ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად