Baby Bag

პრემიერ-მინისტრის განცხადებით აღნიშნული სიახლე პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით აღნიშნული სიახლე პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ბრიფინგზე მწვანე პასპორტების ამოქმედების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა:

„დღეს ვიმსჯელეთ მწვანე პასპორტის კონცეფციის და სხვა წამახალისებელი ღონისძიებების თაობაზე. მინდა გითხრათ, რომ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:

პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი.

მინდა განვმარტო, თუ რას ნიშნავს მწვანე პასპორტი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი მოსაზრება. ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის საშუალებით შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას. ამის თაობაზე ჩვენს პრესსამსახურს ვთხოვ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელოს.

მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ვარ ვალდებული თითოეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრობა სავალდებულო ვაქცინაციას. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება, ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის სავალდებულო და არ იქნება ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

2 775 დაინფიცირებული და 3 560 გამოჯანმრთელებული - ბოლო 24 საათის სტატისტიკა

2 775 დაინფიცირებული და 3 560 გამოჯანმრთელებული - ბოლო 24 საათის სტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

​მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

​„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

​გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.

​დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

​ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში - 336, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი - მათ შორის, თბილისში - 124, აჭარაში - 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 - აჭარაში, ხოლო 841 - თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

​საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 689, აჭარაში-1 353.

​სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 445 პირი.

​დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში - 13 764, იმერეთში - 4 155“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
წაიკითხეთ სრულად