Baby Bag

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ​მრჩეველთა ჯგუფის გადაწ​ყვეტილებით, ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.

„ფაიზერის“ გადაწყვეტილებით 12 წლამდე ასაკის ბავშვები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზის მესამედით აიცრებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ შემცირებული დოზის მიღების შემთხვევაშიც ბავშვები სიმპტომური დაავადებისგან დაცულები არიან.

ცნობილია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები იშვიათ შემთხვევაში მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებას იწვევს. ბავშვებში ვაქცინის დოზის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიოკარდიტის რისკის თავიდან აცილების მიზნითაც იქნა მიღებული.

​„ფაიზერის“ ცნობით, კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიმპტომური ინფექციისგან დაცვის კუთხით ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ​CNN

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთი პატარ-პატარა ჩვევებისგან ეწყობა დამოუკიდებლობა,“ - ნატა მეფარიშვილი

„ასეთი პატარ-პატარა ჩვევებისგან ეწყობა დამოუკიდებლობა,“ - ნატა მეფარიშვილი

ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ბავშვის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობელმა ბავშვს დამოუკიდებლობა არ უნდა შეუზღუდოს:

„ბავშვის „მე თვითონ“ არის განაცხადი, რომელიც მას მშობელმა არ უნდა ჩაუკლას იმიტომ, რომ ეშინია არ წაიქცეს. ცხადია, რომ ​უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა. იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოსდის ჩვენს შვილს, რა ასაკშია და რისი უფლება შეიძლება, რომ მივცეთ, აუცილებლად უნდა დავრთოთ მას რაღაცების კეთების უფლება.“

ნატა მეფარიშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვი არ დააფრთხონ ნეგატიური ხასიათის რეპლიკებით, როდესაც ის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის:

„როდესაც ფეხს ვიდგამთ და შეგვიძლია რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგათ, შეკივლებების და შფოთვის გარეშე მივუშვათ ბავშვი რაღაც დისტანციაზე. „ვაიმე, არ წაიქცე, გადავარდები,“ „ხელი არ მოკიდო, ჭუჭყიანია,“ - ​ეს ყველაფერი აფერხებს ჩვენს დამოუკიდებლობას. მშობლები არიან ის ავტორიტეტული ადამიანები, რომლებისაც გვჯერა. მათი ნათქვამი ბავშვის მიერ აღიქმება, როგორც გარდაუვალი სიმართლე. ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ვავიწროვებთ იქიდან გამომდინარე, თუ რა რეპლიკები და კომენტარები აქვთ მშობლებს.“

„აქ მშობელს სჭირდება დაფიქრება. როდესაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შვილი დგამს ნაბიჯებს და ის უსაფრთხო ზედაპირზეა, ზედმეტი შეძახილები დამოუკიდებლობის შეზღუდვაა. როდესაც ბავშვს შეუძლია კოვზის ჭერა და პირთან მიტანა, ფრაზები: „არ ჩამოისხა,“ „არ გადაასხა,“ დამოუკიდებლობის შეზღუდვაა. ასეთი პატარ-პატარა ჩვევებისგან ეწყობა დამოუკიდებლობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ​ნატა მეფარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად