Baby Bag

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ​მრჩეველთა ჯგუფის გადაწ​ყვეტილებით, ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.

„ფაიზერის“ გადაწყვეტილებით 12 წლამდე ასაკის ბავშვები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზის მესამედით აიცრებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ შემცირებული დოზის მიღების შემთხვევაშიც ბავშვები სიმპტომური დაავადებისგან დაცულები არიან.

ცნობილია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები იშვიათ შემთხვევაში მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებას იწვევს. ბავშვებში ვაქცინის დოზის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიოკარდიტის რისკის თავიდან აცილების მიზნითაც იქნა მიღებული.

​„ფაიზერის“ ცნობით, კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიმპტომური ინფექციისგან დაცვის კუთხით ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ​CNN

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19 ბავშვებში ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში,“ - ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

​​ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში:

„თავიდან იყო მოსაზრება, რომ კოვიდ - 19 ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება, თუმცა ეს არ დადასტურდა. ეს დაავადება ბავშვებშიც ვრცელდება ისევე, როგორც ზრდასრულებში. ბავშვებს​ კოვიდ-19 ნამდვილად მსუბუქად გადააქვთ. ამას ჩვენი და მსოფლიო პრაქტიკაც გვიჩვენებს. საბედნიეროდ, ბავშვებში ბევრად ნაკლები გართულებაა, ვიდრე მოზრდილებში. კარგია, რომ ბევრი მძიმე პაციენტი ბავშვი არ გვყავს. არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ თითქოს ბავშვები ნაკლებად გადამდები არიან, მაგრამ ეს პირობითია, იმიტომ, რომ ბავშვებიც გადამდები არიან. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ბავშვი სკოლიდან დაინფიცირდა და შემდეგ დაავადება გადასდო ოჯახის წევრებს. კი, ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდი, მაგრამ მათ ოჯახში ჰყავთ დედა, მამა, ბებია. მათთან შეიძლება დაავადება წავიდეს მძიმედ.“

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ბავშვებთან სოციალური დისტანციის წესების დაცვა ძალიან რთულია:

„ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში ​პირბადე რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს აქვს რაიმე თანდართული და ფონური დაავადება, რომელიც კრძალავს პირბადის გამოყენებას, მან პირბადე არ უნდა ატაროს. ბავშვებთან რთულია დისტანციის დაცვა. სკოლებსა და ბაღებში, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს ძალიან რთულად კონტროლდება. თეორიულად ამის გაკეთება ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში, როდესაც 25-30 ბავშვთან გვაქვს საქმე, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია.“

​სკოლები ასოცირდება მობილობის გაზრდასთან. თითოეულ სკოლაში რამდენიმე ასეული ადამიანია. სკოლაში არ არიან მხოლოდ ბავშვები, იქ არიან მასწავლებლები, არის პერსონალი. სკოლების გაჩერება ამ ეტაპზე იმით არის გამოწვეული, რომ მობილობის შემცირება მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ახლა ვიმყოფებით პიკურ ეტაპზე. დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვაქვს. ჩვენი ყველას ვალია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერება. თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ შეზღუდვები და ბოლომდე სწავლების დაგეგმვა გაჭირდება. სჯობს დროული, სწრაფი და ეფექტიანი შეზღუდვები იყოს, რომ სამომავლოდ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდეს,“ - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად