Baby Bag

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ​მრჩეველთა ჯგუფის გადაწ​ყვეტილებით, ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.

„ფაიზერის“ გადაწყვეტილებით 12 წლამდე ასაკის ბავშვები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზის მესამედით აიცრებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ შემცირებული დოზის მიღების შემთხვევაშიც ბავშვები სიმპტომური დაავადებისგან დაცულები არიან.

ცნობილია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები იშვიათ შემთხვევაში მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებას იწვევს. ბავშვებში ვაქცინის დოზის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიოკარდიტის რისკის თავიდან აცილების მიზნითაც იქნა მიღებული.

​„ფაიზერის“ ცნობით, კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიმპტომური ინფექციისგან დაცვის კუთხით ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ​CNN

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩვენ არასწორი კვების მოდელი შევთავაზეთ ბავშვს ადრეულ ასაკში, ძალიან გვიჭირს შემდეგ მისი გადაკეთება,“ - თამარ ედიბერიძე

„თუ ჩვენ არასწორი კვების მოდელი შევთავაზეთ ბავშვს ადრეულ ასაკში, ძალიან გვიჭირს შემდეგ მისი გადაკეთება,“ - თამარ ედიბერიძე

ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ბავშვის ცხოვრებაში პირველი შთაბეჭდილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველი ქცევის პოზიტიური მოდელის დამკვიდრება უნივერსალური სასწავლო მოდელია:

„ბავშვს არ შეუძლია იმის გაფილტვრა, პირველი შთაბეჭდილება კარგია, თუ ცუდი. ​სწორედ აქ არის ჩვენი, როგორც მოზრდილების, პასუხისმგებლობა. სასურველი ქცევის პოზიტიური მოდელი არის უნივერსალური სასწავლო მეთოდი ნებისმიერი ინფორმაციის თუ ჩვევის დასწავლისთვის. თუ ჩვენ არასწორი კვების მოდელი შევთავაზეთ ბავშვს, როგორც მაგალითი, მის ადრეულ ასაკში, ძალიან გვიჭირს შემდეგ მისი გადაკეთება.“

თამარ ედიბერიძის თქმით, სტრესულ პირობებში პირველი შთაბეჭდილებების გავლენა გაცილებით დიდია ბავშვზე, ვიდრე ზედ დაშენებული პოზიტიური გამოცდილების:

„ის, რაც სულ პირველია, ის, რაც უძველესი შთაბეჭდილებაა, სტრესულ პირობებში სწორედ ის ამოტივტივდება უფრო ადვილად, ვიდრე ზედ დაშენებული უფრო სასიამოვნო გამოცდილება. ის, ​რაც ეხება კვების მოდელის ჩამოყალიბებას, აბსოლუტურად მისაღებია ნებისმიერი ქცევის მოდელის ჩამოყალიბებისთვის. ბავშვისთვის რა არის მნიშვნელოვანი? როდესაც ამ ტიპის ქცევას აკეთებს ოჯახის წევრი, რომელიც მისთვის არის ავტორიტეტი, ძალიან ძნელია შემდეგ ვებრძოლოთ ამ ჩვევას.“

„როდესაც მეზობელი იქცევა ცუდად, ადვილია ავუხსნათ ბავშვს, რომ ეს ცუდი საქციელია. თუ იმავე ტიპის ქცევას ის ხედავს ოჯახში, ძალიან ძნელია დაუმტკიცოთ, რომ თურმე მამაც ცუდად იქცევა, დედაც ცუდად იქცევა. ამ შემთხვევაში ბავშვს ეწყება მძიმე ემოციური მდგომარეობა, ვის ენდოს. ​პირველი ათი წლის მანძილზე მოდელი არის მშობელი. თუ ეს პერიოდი გამოგვეპარა, თუ მის მეხსიერებაში არასწორი მოდელი დავამკვიდრეთ, ათი წლის შემდეგ ამ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ძალიან ძნელი, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად