Baby Bag

რატომ იკავებს თავს ხალხის დიდი ნაწილი ვაქცინაციისგან?

რატომ იკავებს თავს ხალხის დიდი ნაწილი ვაქცინაციისგან?

რატომ იკავებს თავს ხალხის დიდი ნაწილი ვაქცინაციისგან? - ამ თემაზე აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნევროლოგი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:

„კვლევის“ შედეგი დასრულებულია და ერთი საინტერესო „აჰა!“ მომენტი მქონდა - თუ რატომ იკავებს თავს ხალხის დიდი ნაწილი ვაქცინაციისგან.

აქამდე მეც და ბევრი კოლეგაც ფიქრობდა, რომ ქვეყანაში განათლების პრობლემის ბრალია ეს და რადგან ხალხს ბევრი სამედიცინო (და ზოგიერთ მარტივი რამ) რამ არ ესმის.

​განათლების პრობლემა ზოგადად, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ეს ვერ იქნება მოსახლეობის 60-70%-ის აუცრელობის გადამწყვეტი მიზეზი და მოგახსენებთ რატომ.

რეალურად, საკმარისი სამედიცინო, სტატისტიკური და მათემატიკური განათლება (ყველაფერი ერთად რომ სიღრმისეულად გაიგონ, რატომ არის აცრა უსაფრთხო) აქვს ალბათ საერთო მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს, უფრო მეტი ალბათობით -1%-ზე ნაკლებს. ამას ვინმეს დამცირების მიზნით კი არ ვამბობ - რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ, რადგან არც თუ ისე ადვილია ბოლომდე გაგება ამ საკითხის, და ხანდახან „უბრალოდ ექიმობაც“ არაა საკმარისი, მედიცინის უახლესი მიღწევები გესმოდეს საკმარისად.

აუცრელობის ძირეული (root cause) მიზეზი - არასაკმარისი *ნდობაა* (რწმენა არა, კონკრეტულად ნდობა). ნდობა მეცნიერებისადმი (ვაქცინა ნამეტანი მოკლე დროშია შექმნილი და ვერ ვენდობი), ნდობა მთავრობისადმი (მთავრობას ჩვენი დახოცვა უნდა, ფეხებზე ვკიდივართ), ნდობა ექიმებისადმი (ეს ექიმები მოსყიდულები არიან, რომ ვაქცინა გაასაღონ), ნდობა სტატისტიკისადმი (ხელოვნურად ცვლიან ციფრებს, რომ მეტი ჩაეთვალოთ) და კიდევ მრავალი სხვა). თუ ეს კითხვები გეცნობათ - ქვემოთ მარტივად ვუპასუხებ.

ის ადამიანები, რომლებიც საკმარისად მიცნობენ (განსაკუთრებით ბავშვობიდან), იციან ჩემი ღირებულებები, მიზნები, განვლილი ცხოვრება და ახლანდელი სტატუსი - ამ ყველა ზემოთ ხსენებულ კითხვას ერთი კითხვით პასუხობენ: „დათო, ავიცრა?“ ჩემგან ჯერჯერობით ყველას პასუხი აქვს „კი“. ისინი იცრებიან. აი, ეს არის ნდობა, რომელიც ყველანაირი განათლების ადამიანს ერგება. მათ იციან, რომ ზემოთ მოყვანილი ყველა დანარჩენი კითხვა მე უკვე დასმულიც მაქვს და ნაპასუხებიც, ის რომ ჩემი მშობლები პირველ დღესვე ავცერი თელავში. რა თქმა უნდა, თუ დამატებითი კითხვები აქვთ (და ასეთებიც ბევრია) - ამასაც ვპასუხობ.

დანარჩენ ყველა კითხვას ბადებს უნდობლობა. ვერ ენდობიან - და *ამის შემდეგ* ჩნდება კითხვები, და არა პირიქით. მოსახლეობის დიდ უმეტესობას არ ჰყავს ოჯახში თუ უახლოეს საახლობლო წრეში ისეთი ექიმი - ვისაც საკმარისად ენდობა.

​ან უფრო უარესი - ჰყავთ ვინმე, რომელსაც თავად არ ესმის საკმარისად, მაგრამ რადგან ისეთ როლში ჩავარდა რომ რაღაც უნდა თქვას - „თავს იზღვევს“ და ამბობს რომ „მოდი თავი შეიკავე“.

​ამის მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ - თვითმფრინავში ასვლამდე ხომ არ ამოწმებთ - ბორბლები რამდენად გაცვეთილი აქვს, რომ გარბენისას არ გასკდეს, ან ფრთებზე ჟანგი ხომ არ აქვს შეპარული. იცით, რომ მანამდე ამას თქვენზე კვალიფიციური ხალხი ამოწმებს და თქვენ ამ კითხვებით არც თავს იწუხებთ და თითქმის 100% ალბათობით - ვერაფერს ახალს იპოვით, ხო? ჰოდა ეს ვაქცინა გააააცილებით ბევრმა და უფრო ჭკვიანმა ხალხმა შეამოწმა (თავის სფეროში ჭკვიანმა), ვიდრე იმ ერთმა (თუ რამდენიმე) „ბორტ-მეხანიკმა“, რომლებიც თვითმფრინავს აფრენის წინ ამოწმებენ (მეგობარი პილოტები ნუ დაიბოღმებით). ეგაა ნდობა.

აქვე მინდა შემოვიტანო ნულოვანი რისკის ცნება. ადამიანებს გენეტიკურადაც და სოციალურადაც, რაიმეს არგაკეთების შედეგი ქვეცნობიერად გვგონია ნულოვანი (უფრო სწორად baseline) რისკი, და იგივე რამის გაკეთების - გარკვეულ წილად გარისკვა (მაგალითი: „არ მინდა ის რაღაც 0.001% გავრისკო რომ ავიცრა - იქნებ, მე ვიყო ის, რეაქცია რო მისცეს“).

​ეს ბევრ შემთხვევაში ასეა, მაგალითად, მტაცებელთან შებრძოლება, ორმოზე გადახტომა, ისეთი რამეები, რაც ისტორიულად გვიწევდა ათასობით წლის განმავლობაში, და ჩვენი ფსიქოლოგია ამაზე „გაიზარდა“.

​საქმე ისაა, რომ პანდემიამ ეს ნულოვანი რისკი შეატრიალა: იმის ილუზია აღარავის აქვს, რომ „კორონა მე არ შემხვდება“ - თითო ტალღაზე მინიმუმ მოსახლეობის 5-10% ინფიცირდება. ანუ აქ აცრის არგაკეთება იმას ნიშნავს, რომ თქვენი იმუნიტეტი მოუმზადებელი შეხვდეს ვირუსს და მიახლოვებით 70-ში ერთი შემთხვევა (დადასტურებულის) - სიკვდილით დამთავრდეს. გარდა ამისა, ყოველ მესამე ადამიანს - ხანგრძლივი პოსტ-კოვიდური ჯანმრთელობის პრობლემა დაუტოვოს.

ასე რომ, „საახლობლოს ავტორიტეტებო“, ვინც თქვენ ნდობა გამოგიცხადათ - სანამ „მოდი, თავი შეიკავეს“ იტყოდეთ, ობიექტურად განსაზღვრეთ თავის შეკავების რისკიც.
აბზაცის მორალი: „ზოგჯერ ქმნა სჯობს არა ქმნასა, ზოგჯერ ქმნითაც დაშავდების“ - ამ ორი რამის გარჩევა უნდა ვისწავლოთ - რომელი ჯობია.

რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას: „არ ვიცი, რას გამოაჩენს ვაქცინა ორი წლის მერე“.

​ამაზე თეორიულიც და პრაქტიკული პასუხიც ცალსახაა: თუ რამე *მნიშვნელოვანი* რისკი იქნებოდა - აქამდე, ამ მილიარდობით აცრაში გამოვლინდებოდა, და აგერ გეტყვით რატომ:

აცრა რა ცვლილებებსაც იწვევს ორგანიზმში - ანტისხეულების და უჯრედული იმუნიტეტის გამომუშავება, პიკს აღწევს მეორე აცრიდან 2-3 კვირაში, ანუ ჯამში - პირველი აცრიდან უმეტეს შემთხვევაში 1-2 თვეში. შემდეგ ეს იმუნიტეტი და ანტისხეულები ნელ-ნელა „განზავებას“ განიცდის ჩვენ მიერ ყოველდღიურად შესუნთქული და ნაჭამი ბაქტერიისა და ვირუსების მიერ (რაც ასევე ფიზიოლოგიურ „აცრად“ შეიძლება ჩაითვალოს) გამოწვეული იმუნური პასუხის შედეგად მიღებული ანტისხეულებით (ანუ მარტივად რომ ვთქვათ - ჩანაცვლდება). ასე, მუდმივ „მონაცემთა ბაზის განახლებას“ აკეთებს იმუნიტეტი - უახლოეს დროში გარემოში არსებულ მიკროორგანიზმებზე.

​სხვაგვარად რომ ვთქვათ, აცრით, ჩვენ ამ იმუნიტეტის ბაზაში შეგვყავს კოვიდის მონაცემები - სანამ დაგვემართებოდეს - რათა, რომ დაგვემართება - ბაზამ უცებ „ამოაგდოს“ დეტალები ვირუსზე, რომ იმუნიტეტი მყისიერად შეებრძოლოს და არ მისცეს ვირუსს გამრავლების საშუალება.

აცრიდან 6-12 თვეში ეს ანტისხეულები იმდენად გაილევა (რადგან ბაზაში ახალი შემოსული ანტისხეულები განაზავებენ), რომ ნელ-ნელა დაიწყება მომატებული შანსი კიდე ინფიცირების, ახალი შტამების დამატებასთან ერთად (აქედან გამომდინარეა ბუსტერის საჭიროება გარკვეული ვირუსებისთვის, როგორც კოვიდი და გრიპი). ნუ ინერვიულებთ, ეს რისკი უცებ არ ჩნდება 6 თვის და 1 დღის მერე, ეს თანდათანობითი პროცესია და თუ ნამეტანი გადააცილეთ ბუსტერი - ინფექცია, რომელიც შეგხვდებათ - დიდი ალბათობით ნაწილობრივ დაცული იქნებით „ნარჩენი“ იმუნიტეტით, რომელიც ნელ-ნელა მცირდება.

ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ - როგორც ნებისმიერი პოტენციურად მავნე ნივთიერება რომ იყოს ორგანიზმში - როდესაც ყველაზე ბევრი იყო ორგანიზმში 1-2 თვის თავზე - თუ მაშინ და მანამდე არაფერი დაგმართათ - უკვე რომ გამოსულია ორგანიზმიდან და განლეულია - რაღაც არალოგიკური გამოდის გეშინოდეთ ორი წლის მერე რას მიზამსო.

​ეს, რა თქმა უნდა, გამარტივებულად და გასაგებად მოგაწოდეთ, შესაძლოა ზოგმა ინტრიგანმა ოპონენტმა კოლეგამ რაღაც დეტალებზე დამსახურებულად გამომედავოს - თუმცა მათ პასუხს სხვა ენაზე გავცემ ეს პოსტი რომ არ გადავტვირთო.

რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას - ეს 2 თვეზე მეტი აცრილი ადმიანების რაოდენობა მილიარდებია მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი, და არ ჩანს ეს რქები და ჩლიქები ჯერ (მელოტებშიც კი), და რაღას ელოდებით?

მსოფლიოში ძალიან ბევრი ვაქცინა შექმნილა ბოლო 100 წლის განმავლობაში. არცერთ შემთხვევაში, ვიმეორებ - არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისე, რომ წელიწადზე მეტი გავიდეს (კვლევების საწყისიდან), და ათიათასობით საწყის აცრილში მაინც თუ რაიმე მოსახდენი არ იყო სერიოზული გვერდითი ეფექტების მხრივ - არ იყოს გამოვლენილი.

​ანუ - თუ თქვენ ორ წელს ელოდებით - იგივე ლოგიკით 5 და 10 წელსაც შეიძლება ელოდოთ. პრაქტიკულად არ განსხვავდება 2 წლის მერე მოსახდენის და 5-10 წლის მერე მოსახდენი რისკი კონკრეტულად ვაქცინის ეფექტის მხრივ.

ერთი სახალისო მეცნიერული ფაქტი - ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ სნო-ს ნაცვლად ჩაილურის წყალი დალიოს საჭმლის გადაცდენის შემდეგ - 100,000%-ით მეტი შანსია, ვიდრე ვაქცინის გამო მოკვდეს. საჭმელს ხო ჭამთ? ჰოდა ვაქცინა 1000-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჭამის დროს დახრჩობა ლუკმის გადაცდენით.

კარგით, ახალ რნმ ტექნოლოგიას დავანებოთ თავი (უბრალოდ მეტი ახსნა სჭირდება და მაგიტომ) - ტრადიციული ვაქცინები ხომ არის - რომლებითაც ასევე მილიონებია აცრილი. ასე აშკარა (კორონათი გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ხშირი) გვერდითი ეფექტი რომ იყოს - ვერანაირი მთავრობა და ექიმი ვერ დამალავდა სოციალურ ქსელში პანტა-პუნტით დახოცილ ხალხს, და ანტივაქსერებს ამდენი ჯაფა არ დაადგებოდათ მოგონილი და დამახინჯებული ფაქტების დამუშავება-შემოგდებაში.

რაც შეეხება იმას, რომ მთავრობას ჩვენთვის ცუდი უნდა აცრით - აბსოლუტურად მოკლებულია ყველანაირ ლოგიკას. მთავრობას (კარგს თუ ცუდს) - პირველ რიგში, სჭირდება, რომ ჯანმრთელი მოსახლეობა ჰყავდეს, რადგან ჯანმრთელი მოსახლეობა ნიშნავს მეტ შიდა პროდუქტს და ეკონომიკის გაუმჯობესებას. სულ რომ მოპარვა უნდოდეს მთავრობას - მოსაპარიც მეტი იქნება. აცრამ რომ ხალხის დახოცვა გამოიწვიოს - ხალხი ცოცხებით ან ვარდებით კი არ გამოვა აქციაზე - ფიწლებით და ცელებით გამოვა და საკმაოდ ცუდ დღეში ჩავარდება ის ყველა, ვინც აცრის პოპულარიზაციას აკეთებდა - მთავრობით დაწყებული - ექიმებით დამთავრებული. და როგორ გგონიათ - ამას რომელი ჭკუათმყოფელი გააკეთებს გამიზნულად?

ის, რომ სტატისტიკას არ ენდობიან (აწ უკვე) - ცოტა ღიმილის მომგვრელია ჩემთვის. ჯერ ასეთი არ შემხვდერია, ვინც კოვიდ-კლინიკაში მოხალისედ მაინც იყოს ერთხელ ნამყოფი, და ამაში ეჭვი შეეპაროთ. ნუ მილიონში ერთი ურწმუნო თომაც იქნება (ხელით რომ შეეხო იესოს რათა დაეჯერებინა). ასეთები რეანიმაციაში უნდა შევახედოთ.

მე პირადად - ამერიკას რომ თავი დავანებოთ - ყოველდღიურად მაქვს შეხება კახეთში დადასტურებულ შემთხვევებთან, სადაც 40-მდე ექიმი რეკავს ყოველდღიურად ბინაზე ასობით (გუშინ თითქმის 1000-მდე) ახალ ინფიცირებულთან. ის, რომ შეცდომით დაურეკონ ჯანმრთელს (ნომერი მისცა პაციენტმა შემთხვევით არასწორი), ხდება იშვიათად, და ასეთი შემთხვევები „ბაზრდება“ როგორც “აიი, დიფერაანთ მიხოს დაურეკეს და უთხრეს, რომ კოვიდი გაქვს გინდა თუ არაო, არა და კაცი არც დატესტილაო“. და იმას არავინ არ „აბაზრებს“, რაც გაცილებით ხშირია - ერთ პაციენტს რომ დაურეკავენ, და ოჯახში სამი ჩაწოლილია სიცხით და „მაინც არ ვიტესტებით - რა აზრი აქვსო“. ასე რომ, სტატისტიკა თუ არაზუსტია - პირიქითაა - უფრო მეტს ემართება, ვიდრე სისტემაში ფიქსირდება (ესეც მიზანმიმართულად არა).

კიდევ ერთს დავამატებ - ქართველები გენეტიკურად და ეთნო-სოციალურად უფრო მეტად ეჭვიანი, ძნელად მიმნდობი და ფრთხილი ხალხი ვართ უცხო რამის ან ვინმის მიმართ. ეს იმიტომ, რომ ვინც ასე არ იყო - გადაშენდა გამუდმებული ომების და ღალატის შედეგად ასწლეულების განმავლობაში. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ბუნებრივ რეფლექსს, რომ ავტორიტეტული მეზობლის უფრო სჯერა, ვისაც ინტერნეტი აქვს, ვიღაცის დაწერილი ამოიკითხა, რომელმაც თქვა, რომ ეს ნობელის პრემიის ლაურეატმა თქვა (სურათიც დევს), ვიდრე ვიღაც ამერიკაში მომუშავე დავით მრელაშვილის, (და სხვა ბევრ უცხოეთში მომუშავე კოლეგას) - რომელსაც საქართველოს მთავრობა ფულს უხდის, რომ ქართველებს დააჯეროს ვაქცინა კარგიაო (ყვავს რა ჰქონდა, ბუზს გაჰქონდაო გამახსენდა).

ასე რომ, ნაცნობებო და უცნობებო - კიდევ ერთხელ, ვაჯობოთ საკუთარ „თავს რომ არ გვინდა გამოვუტყდეთ“ რეფლექსს. ვისაც კითხვები გაქვთ - აუცილებლად დასვით. აქვე ჯობია, რადგან სხვა კვალიფიციური კოლეგებიც გასცემენ პასუხს (მესინჯერი ისეა გადატვირთული ფიზიკურად ყოველთვის ვერ ავუდივარ).
თითოეულ თქვენგანს ორი ალტერნატივა ელოდება მომავალში (რაც დრომ აჩვენა, ჩემი აზრი არაა) - აცრა, ან კოვიდის გადატანა. ეს უკანასკნელი (ინფექციის) - გაცილებით მეტი შანსია, რომ რამეს დაგიტოვებთ, ან ლეტალობით დამთავრდება - ვიდრე აცრა. ჰოდა აი ეს „მაინც თავს შევიკავებ“ - ახსნას ვერ ვუძებნი ზემოთხსენებული ნდობის გარდა.

რაც ყველაზე მთავარია - აირჩიეთ და დაუჯერეთ თქვენთვის სანდო კ ვ ა ლ ი ფ ი ც ი უ რ წყაროს. თუ ასეთი არ გყავთ, ან არ იცით რომელს დაუჯეროთ - მოუსმინეთ და დაუჯერეთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ რჩევებს. ისინი არაფერს ბევრად განსხვავებულს არ გეუბნებიან, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი მეცნიერების მიერ უკვე მრავალგზის გადაღეჭილი და გაანალიზებული რეკომენდაციებს (რაც კარგია და ასეცაა საჭირო - ველოსიპედს ხელახლა არ იგონებენ). გარკვეული განსხვავებები, რასაც მივესალმები არის მაგალითად - უკვე გადატანილი ინფექციისთვისაც, ფაქტობრივად აცრის ექვივალენტური კოვიდ პასპორტის მინიჭება, რაც ბევრ წამყვან ქვეყანას არ აქვს (თუმცა ზოგს აქვს).

„ჭირი იქა, ლხინი აქა“ (კაი რესტორანია თელავში, ესე სიმბოლურად ჰქვია რადგან სასაფლაოს გადასწვრივაა ქუჩის მეორე მხარეს, საავადმყოფოს გვერდზე),“ - წერს ექიმი დავით მრელაშვილი.
,,მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ვისაც ვირუსის არ სჯერა ან/და ვაქცინაციის ეშინია - მაინც და მ...
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:,,პანდემიის დაწყებიდან ყველაზე პარადოქსულ საკითხ...