ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ
„თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება:
„საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში (1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში), თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში მშობლები დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.