ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
,,ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში ეს მოხდება''
,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებიც დაუბრუნდნენ სასკოლო სივრცეს, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე,''- აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ განათლების სამინისტრომ საზოგადოებას შესთავაზა ონლაინმეთოდის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. 1-ლი - მე-6 კლასის მოსწავლეები სასკოლო სივრცეში არიან, თუმცა თუ კონკრეტული ოჯახი, მოსწავლეების მშობლები აირჩევენ ონლაინრეჟიმს, თუ ურჩევნიათ ეს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ონლაინრეჟიმში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ძალიან მოქნილი სისტემა და თითოეულ ოჯახს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.
7-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებას რაც შეეხება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს. თუმცა ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში ეს მოხდება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რასაკვირველია, საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ვთხოვო, რომ საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი“, - დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.