Baby Bag

,,ნიჭიერ მოსწავლეთა შორის არ შეიძლება არ გამოვყო მიშა სააკაშვილი, რომელიც მისმა დედამ, გიული ალასანიამ მომიყვანა''

,,ნიჭიერ მოსწავლეთა შორის არ შეიძლება არ გამოვყო მიშა სააკაშვილი, რომელიც მისმა დედამ, გიული ალასანიამ მომიყვანა''

დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„იყვნენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნიჭისა და ინტერესების მქონე მოსწავლეები და მათთვის, ბუნებრივია, პროგრამაში დამატებითი ელემენტები შემქონდა. ნიჭიერ მოსწავლეთა შორის არ შეიძლება არ გამოვყო მიშა სააკაშვილი, რომელიც მისმა დედამ, გიული ალასანიამ მომიყვანა. 60-იანების მეორე ნახევარში ის თავადაც ჩემი მოსწავლე იყო, როგორც მისი ძმა, თემური.

უფროსკლასელმა მიშამ გამაკვირვა არა მარტო მასალის შეთვისების იშვიათი უნარით, არამედ სრულიად დაუჯერებელი ინტერესითა და ცოდნით ისეთი თემების და საკითხებისა, რომელთა შესახებ განათლებულ უფროსებსაც კი ძალიან ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ ან სულაც არ ენაღვლებოდათ. პირველივე გაკვეთილმა დამარწმუნა, რომ ჩემი ენის შესწავლის და დახვეწის არც თუ ადვილად დასაძლევი პროგრამის მიღმა მასთან მისი ინტერესების შესატყვისი მასალებიც უნდა გამომეყენებინა. 

გავიარეთ ამერიკული High School-ის სახელმძღვანელოები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში. გაკვეთილებზე მუდმივად ვარჩევდით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მიშამ ესეც არ იკმარა და თვითონ დაიწყო გაზეთის კეთება. შინ დაამზადებდა, გაკვეთილზე მოიტანა და და მაჩვენებდა. ზოგ საინტერესო ინფორმაციას სხვა წყაროდან გადმოიწერდა, ზოგ წერილს თვითონ წერდა, მათ შორის ფრანგულადაც. ფრანგულს მარა ჭავჭავაძესთან სწავლობდა. გაზეთის ბოლო გვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში ამაყად მიაწერდა Editor-in chief Mikheil Saakashvili,'' - აღნიშავს გელა ჩარკვიანი. 

წიგნიდან „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“

როგორ სწავლობდა და როგორ ასწავლიდა ინგლისურ ენას გელა ჩარკვიანი (ვიდეო)
„ვინც უძლებდა ჩემს მეთოდს და ამ ყველაფერს აკეთებდა, მათ შეუძლიათ ინგლისური ენა გამოიყენონ არა უბრალოდ სასაუბროდ, არამედ ნებისმიერი სახის და სირთულის ენობრივ ურთიერთობაში,“ - გელა ჩარკვიანი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ - ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის ამაღელვებელი წერილი

„ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ - ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის ამაღელვებელი წერილი

ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე სოციალურ ქსელში ლაბორატორიაში მუშაობის ერთ დღეს აღწერს. გთავაზობთ მის ამაღელვებელი წერილს სიტყვა-სიტყვით:

„დღეს ჩვენი ჯგუფია მორიგე, ექვსნი ვართ: მე, ჯაშო, ხმალიკა, მეკო გვანცა და ნატალია.

დილის 11 საათია უკვე 92 ნიმუშია, ერთი ბოქსში ჯდება, მეორე მონაცემს კარნახობს, მესამე გარეთ ამთავრებს რეაქციას, ერთსაც მონაცემები შეყავს. მიმღებიდან ჭიჭყიმ შემოყო თავი, ნიმუშები მოგვაწოდა: -კიდევ 60 დაემატა გოგოებო, მერე 70... 80, . სადღაც 4 საათის შემდეგ ჯაშო წუწუნებს რომ ძალიან მოწყურდა და რომ ვეჩხუბებით ეხლავე ადექი და მე გავაგრძელებ შენ სამუშაოსო, ის კითხვას გიბრუნებს - შენ არ გშია ან არ გწყურიაო? თან ყველაფერი უნდა გაიხადო და შემოსვლისას ისევ მოემზადო, ჩაიცვა და შემოხვიდე პროცედურულად იმხელა ამბავია, აღარ დგება.

როგორც იქნა გავუშვით პირველი რეაქცია, 94 ნიმუში, შესვენებაზე გავდივართ. კართან ჟურნალისტი გვეღობება, შეიძლება გადაგიღოთ როგორ ისვენებთო, ცოტა უხეშად იშორებ უარით, მერე ხვდები რომ ეს სიუხეშე დაღლილობის ბრალია და გაღიზიანება კი ალბათ მოკერებული გმირობის იარლიყიდან მოდის , არადა ეს უბრალოდ ჩვენივე არჩეული გზაა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა!

ღამის 10 საათია უკვე 310 ნიმუშია გაკეთებული და კიდევ 75 მოვიდა, შესვლამდე ხმალიკა დედას ურეკავს, მისმა 3 წლის მაშომ თუ დაიძინა და როგორ ჭამა აინტერესებს, ჩვენ დედები გვირეკავენ, გვეეკითხებიან როდის დავბრუნდებით და თუ ვჭამეთ (ჰო მართლა, საკვები სულ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციის, კეთილი თანამშრომლების და ხანაც უცნობი გულშემატკივრების წყალობით.)

შედეგებს ვნახულობთ 17 დადებითია, ავნერვიულდით გადავამოწმეთ და ყველა განმეორებაა ანუ ჰოსპიტალიდან გასაწერად ვუმოწმებთ პაციენტს ვირუსის არსებობას, ანუ ახალი შემთხვევა ჯერჯერობით ამ პარტიაში არ არის, ამ დროს გვაქვს სიხარულის შეძახილი თუ სიმღერა, რომლითაც ერთმანეთს ვუზიარებთ ამ ძალიან მაგარ ამბავს.

11 საათია ჩვენ მეგობარ ეპიდემიოლოგებთან ვრეკავთ ჩვენზე ყოჩაღებთან - გორი მოგვაქვს, ბოლნისი გზაშია, მარნეულს ნახევარ საათში შემოიტანენ, სხვა სალაპარაკო თემაც აღარ გვაქვს. 

ადმინისტრაციიდან გვირეკავენ გვთხოვეს სახლში წადით, ნუღარ აგრძელებთ მუშაობას არ გადაიღალოთო, მაგრამ მეორე დღეს მეორე ჯგუფს არ გვინდა დავახვედროთ ძალიან ბევრი საქმე, თან ექიმებიც ელიან პასუხს. ახალ ნიმუშებს ვდგამთ და შემდეგ პარტიას ველოდებით, სადაც იმედი გვაქვს რომ ისევ ცოტა იქნება დადებითი. „გაგვიმართლა“ 440-დან მხოლოდ 20-ია ახალი შემთხვევა.

ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ და ბლინის გამოცხობის პირველი მცდელობა, ეს ჩემი შვილია.

დაძინებამდე ფეისბუქს უაზროდ ვსქროლავ და პოსტი მხვდება, რატომ არ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ათობით დადებითი და რატომ ვმალავთ შემთხვევებს, ვეღარც ვბრაზდები.

დღეს ჩვენს ჯგუფში ყველაზე პატარა, გვანცა 25 წლის გახდა და ლუგარში 12 საათზე ერთად ჩავაქრეთ ტორტზე სანთელი.“

წაიკითხეთ სრულად