Baby Bag

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება?''

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება?''
ექი­მი თა­მუ­ნა გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ, ვინც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რჩე­ვებს აძ­ლევს.

,,ბლოგერ–ექიმად გადაქცევის არც სურვილი და არც დრო მაქვს, უბრალოდ იმდენ ტყუილ–მართალს ვაწყდები სოციალურ სივრცეში, რამდენიმე უწყინარი რჩევა მინდა დავწერო მათთვის, ვინც კოვიდ–ინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ ( და არა არ) უკავშირდება:

1) ვირუსის დადასტურების მე–2, მე–3, მე–4 დღეს არ ჩაიტაროთ არანაირი ანალიზი ( ვგულისხმობ სისხლი, CRP, დე– დიმერი)– უბრალოდ არ გამოჩნდება არაფერი მნიშვნელოვანი ასეთი მოკლე დროის ინტერვალში.

2)კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ სუნთქვის უკმარისობაა, აქაც პირველი 7 დღე აზრი არ აქვს გაკეთებას და ავხსნი რატომაც: კატესთვის აღსაქმელი ცვლილების ჩამოსაყაბილებლად დაახლოებით 7 დღეა საჭირო და მე–2 დღეს გადაღებული დასკვნით თუ გეტყვიან, რომ 2 –ქულიანი დაზიანებაა 24–დან ტყუილად გაგიხარდებათ. ობიექტური შეფასება არ იქნება. დახარჯავთ დროს, ფულს და ზედმეტად დასხივდებით.

3) არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად და მეზობლის რჩევით! ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და კოვიდს იწვევს ვირუსი. კი, ჩვენც ვნიშნავთ ხოლმე ანტიბიოტიკს, მაგრამ მხოლოდ (!!!) მაშინ , როცა ვირუსს ბაქტერია ერთვის თან და "თანდართვის" შეფასება მხოლოდ ექიმს შეუძლია ანალიზების მიხედვით . აქვე დავამატებ 39 სიცხე არ ნიშნავს ანტიბიოტიკის საჭიროებას.

4) 38–38.5–ზე შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი ან ნებისმიერი სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (იბუპროფენი და ა.შ.) . ეს მედიკამენტები კარგად მუშაობს, თუ ცხელება არ დაექვემდებარა, დაურეკეთ ექიმს.

+ უზომო რაოდენობით იბუპროფენების მიღება აუცილებლად გამოიწვევს კუჭის გაღიზიანებას, დავიჭიროთ ბალანსი.

5) მადა თუ არ გაქვთ, თავს არ დააძალოთ, მთავარია მიიღოთ სითხეები, მაქს 2 ლიტრი და სასურველია მოერიდოთ გაზიანს.

6) მუდმივი წოლა კარგი არ არის, მაგრამ ენერგია თუ არ გაქვთ, ნუ აიძულებთ თავს ზედმეტად დაიტვირთოთ ფიზიკურად.

7) და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება. – საუბრისას ქოშინი, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც გაცილებით მნიშნვნელოვანია ვიდრე ხველება! ვისაც საშუალება გაქვთ, იკონტროლეთ სატურაცია, სუნთქვის გაძნელებისას დაწექით და იწექით მუცელზე, რადგან ასე უკეთ ვენტილირდება ფილტვი.

ძალიან კარგად მესმის ინფიცირებულების შიში, რთულია ებრძოდე იმას, ვისაც არ იცნობ და არც იმის შეფასებაა მარტივი რა არის საყურადღებო და რა არა.

არ შეგეშინდეთ 2 დღიანი სიცხის , თავის ტკივილის და ხველების – ეს არ არის საავადმყოფოში დაწოლის ჩვენება, თუმცა არ გამოგეპაროთ სუნთქვის უკმარისობის ნიშნები – მათი არსებობისაც არც შეგეშინდეთ, თუმცა დროულად მიაქციეთ ყურადღება.

იმედია ამ ყველაფერს მალე მოვერევით.

გისურვებთ ჯანმრთელობას,'' - აღნიშნავს თამუნა გვასალია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ბნელია მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოაო?“ - მაია ბუწაშვილი

„არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ბნელია მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოაო?“ - მაია ბუწაშვილი

​ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბულინგის გახშირების თემებზე წერს. 

„მგონი სოციალური ქსელები მართლა გასათიშია, რადგან ფაქტიურად ბულინგის ასპარეზად არის გადაქცეული. გამაოგნებელია, რა ეპითეტებით მიმართავენ ადამიანები ერთმანეთს. დაიკარგა იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ და ჩვენი აზრი გაგვაჩნია, რომელიც შეიძლება სხვას არ მოწონდეს, რომ ფიქრის უფლება გვაქვს. მოდაში შემოვიდა ტერმინები „ტოტალური სიბნელეა"-ს და „გვჩიპავენ“ ჯგუფიდან. არაერთი მაგალითია, როდესაც ადამიანზე ამბობენ, რომ ბნელია, მხოლოდ თავისი რომელიმე პოლიტიკური შეხედულების გამო.

თუმცა ეს ჩემი პოსტი პოლიტიკას კი არა, კოვიდის ვაქცინას ეხება და არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ბნელია მხოლოდ იმიტომ, რომ კოვიდის ვაქცინა არ გაიკეთა, მაგალითად, შემოტანის დღესვე (აქვე ჩავახშობ პირველივე რეაქციას, ჩემზე არ ვწერ, მე გადატანილი მაქვს კოვიდი და ანტისხეულების მაღალი ტიტრი მაქვს ჯერ, ამიტომ ვაპირებ ვაკონტროლო ანტისხეულები და გავიკეთო ვაქცინა, როგორც კი ტიტრი მკვეთრად შემცირდება ან საერთოდ გაქრება, მაგრამ მე ასე თუ ისე გაცნობიერებული მაქვს რისკები და სარგებელი და ძალიან მინდა, რომ ყველას მივცეთ იმის უფლება, რომ შეძლებისდაგვარად გაცნობიერებულად თვითონ გადაწყვიტოს თავისი ჯანმრთელობის საკითხი).
ბნელია იმიტომ, რომ იმ დღესვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებმა შეტყობინება მიიღეს (ანუ 13 მარტს), არ დარეგისტრირდა პორტალზე. აქვე ვიტყვი, რომ ეს შეტყობინება ბევრად ადრე უნდა დაგზავნილიყო. თავიდან ითქვა, რომ მხოლოდ კოვიდ კლინიკების პერსონალი იცრებოდა. ყველა პროფილის სამედიცინო დაწესებულებაზე ბოლო წუთში გავრცელდა რეგისტრაციის პროცესი და ორშაბათს დილით, როცა უკვე ბნელებს ეძახდნენ იმათ, ვინც ჯერ არ იყო დარეგისტრირებული, ზოგმა „ბნელმა“ ჯანდაცვის მუშაკმა უბრალოდ ჯერ არც კი იცოდა, რომ რეგისტრაცია შეეძლო.
ბნელია იმიტომ, რომ მოისმინა ინფორმაცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინის დროებითი შეჩერების შესახებ და იფიქრა, რომ თვითონაც დროებით შეაჩერებდა გადაწყვეტილების მიღებას, სანამ ევროპის ქვეყნებში დამატებით გავრცელდებოდა ინფორმაცია და გაირკვეოდა რეალობა. ყველანი ხომ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ რეალობას, ზოგმა მალევე მიიტანა ეჭვი, რომ ეს შეიძლება პოლიტიკური მოვლენა იყოს, ზოგს მართლა ეგონა, რომ გვერდითი მოვლენების გამო მოხდა შეჩერება და ცდილობს მეტად გაერკვეს.
ბნელია იმიტომ, რომ დაიბნა სრულიად სპონტანურად ვაქცინის მწარმოებლის სახელის ცვლილების გამო. იქნებ ამ ბნელმა ადამიანმა მანამდე ძალიან ბევრი წაიკითხა და მოემზადა ფაიზერის ვაქცინის მისაღებად, მერე უცებ უთხრეს, ეგ არა, სხვა ვაქცინა გვაქვს თქვენთვისო და ცოტა სული მოთქმა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა.
ბნელია იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოაო? უბრალოდ კითხვა დასვა, რომ სპეციალისტების აზრი მოისმინოს, მერე აწონ-დაწონოს, რა ურჩევნია, კოვიდის და მასთან დაკავშირებული მძიმე გართულებების და შესაძლო ლეტალური გამოსავლის რისკები, თუ კოვიდის ვაქცინის შორეული შედეგების თეორიული შანსები. უბრალოდ დაფიქრდა და მეტი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს დაესხნენ თავს და სულ თავში ურტყეს ბნელის და მეტიც, ანტივაქსერის ტიტული. ერთმა ჩემმა პაციენტმა ზუსტად იმიტომ მიიღო აცრის გადაწყვეტილება, რომ სრულიად ღიად ავუხსენი, რა არის ცნობილი და რა არა კოვიდ ვაქცინების შესახებ და კატეგორიული ტონით არ მივეცი გარანტია, რომ ზუსტად ვიცით ყველაფერი (როგორც ამას ზოგიერთები ირწმუნებიან).
ბნელია იმიტომ, რომ თვითონაც და მთელ მის ოჯახსაც ყველა გეგმიური თუ არაგეგმიური ვაქცინაცია ზედმიწევით აქვს ჩატარებული, მაგრამ იმიტომ, რომ აწონ-დაწონა რისკები, იფიქრა, რომ არც ერთი რისკ-ფაქტორი არა აქვს და შესაბამისად, გართულებების უკიდურესად დაბალი რისკის ქვეშაა, ასევე იმიტომ, რომ მყარად ვერავინ ეუბნება, რომ ვაქცინა ვირუსის გავრცელებასაც უშლის ხელს (თორემ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო, ანუ სხვების დასაცავად გაიკეთებდა ვაქცინას), იფიქრა, ცოტა ხანს დავიცდი და მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო, მაგრამ ფიქრს ვინ აცლის, ამასაც თავში ურტყეს ანტივაქსერის და უბნელესის ტიტული. ანტივაქსერები ხომ ისტორიულად აგრესიულები არიან, მაგრამ ბოლო დროს ანტივაქსერებზე უფრო აგრესიულები გახდნენ ზოგიერთი პროვაქსერები. რატომ არ შეგვიძლია ზომიერება და სხვისი არგუმენტების მოსმენა (თუნდაც არ მოგვწონდეს)?
ბნელია, თუ ვაქცინა თავისთვის, ჩუმად გაიკეთა და საჯარო ჩვენება არ მოაწყო. გასაგებია, რომ ეს ჩვენება კეთილშობილურ მიზანს ემსახურება და სხვებისთვის მაგალითის მიცემის გამო კეთდება და ამ ადამიანების განზრახვა ძალიან პატივსაცემია, მაგრამ მთლად დიდგორის ომში წასულებივით მათი გმირებად გამოყვანა და იმ ადამიანების შეჩვენება, ვისაც ზოგადად არ უყვარს ფოტოების დადებაც კი, არამცთუ ვაქცინაციის პროცესის საჯარო დემინსტრირება, უკვე რადიკალიზმია. ყველას არჩევანი პატივსაცემია. გამონაკლისს წარმოადგენენ ჯანდაცვის პირველი პირები, რომლებმაც მართლა საჯაროდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა.
ბნელია, თუ წამოსცდა და პირიდან ამოუშვა ფრაზა, „ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ...“. ეს „მაგრამ“ და კითხვების დასმა და ანტივაქსერის ტიტული გარანტირებულია.
ბნელია, თუ ძალიან კარგად ერკვევა (ასეთი პაციენტიც მყავდა, საერთო არ იყო ექიმი) კლინიკური კვლევების ნიუანსებში და სწორედ ამიტომ უჩნდება კითხვები. ზუსტად ის ესხმის თავს და ბნელს უწოდებს, არაფერი რომ არ გაეგება, საერთოდ რას ნიშნავს მედიკამენტის/ვაქცინის გამოცდა და თუ მისმა დაქალმა ამერიკაში ვაქცინა გაიკეთა და „ძაანაც კარგად გრძნობს თავს“, ეს ისეთი რკინისებური მტკიცებულებაა, რომ სრულიად საფეისბუქეთი ფერხთით უნდა გაეგოს და არც კი დაუშვას დამატებითი კითხვის დასმა, თორემ ბნელის ტიტული არ ასცდება.
ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და მე ვინ ვარ, რომ ვინმესთვის მოწოდება ავიღო ჩემს თავზე, მაგრამ ბნელის და ანტივაქსერის ძახილით უკურეაქციას ვიღებთ. ცოტა მეტად თუ ვაცლით ერთმანეთს აზროვნებას, საკითხში გარკვევის მცდელობას და თუნდაც მიუღებელი კითხვების დასმას თუ აზრის გამოთქმას, საბოლოო შედეგი, მათ შორის ვაქცინაციით მოცვაც, ბევრად უკეთესი გვექნება.
და კიდევ, ეს ჩემი ფეისბუქ გვერდია და გთხოვთ, პატივი მეცით და ნუ შემომივარდებით ბნელის ძახილით,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად