Baby Bag

,,სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს''

,,სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს''

MomsEdu.ge ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფის მიმართვას გთავაზობთ, რომელიც საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და ვაქცინაციის თემას ეხება:

,,დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია.

ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად. არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. ამ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ფაიზერის ვაქცინას ამერიკის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი და დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს. იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება.

კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ მასშტაბის პანდემიის ჩახშობა შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე. ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი უდავოდ დაგვეხმარებოდა და ვაქცინაციასთან ტანდემში უფრო გაგვიმარტივებდა პანდემიის კონტროლს, მაგრამ ანტივირუსული თერაპია დამხმარე საშუალებაა და ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს სკეპტიციზმი და ირაციონალური შიში ვაქცინაციისადმი. ჩვენ, ექიმები და მეცნიერები, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებთ კიდეც.

ჩვენი გმირი ექიმები სიცოცხლის რისკის ფასად, მუხლმოუხრელად შრომობენ. ნაწილი საავადმყოფოებში, ნაწილი რეგიონებში კარდაკარ დადის, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და საყოველთაო აცრებს საკუთარი ხელით აწარმოებს. შედეგიც არ აყოვნებს.

გვსურს, სრული თანადგომა გამოვხატოთ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ.

ასევე, როგორც მედიცინის სხვადასხვა დარგში მომუშავე პროფესიონალებმა, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველას შევახსენოთ აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებების შესახებ:

1. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.

2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.

3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის.

4. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება:

a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე

b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე

5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის.

6. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის.

7. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს.

8. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.

9. აცრა არ იწვევს უშვილობას.

10. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.

11. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის.

12. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ.

13. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და კოვიდ-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს.

14. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.

ამავდროულად:

1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს.

2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა.

3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის.

კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას გამოვეხმაუროთ საზოგადოების ნებისმიერ კითხვას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი,

ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია

თეა ბერულავა, Evotec SE, გიოთინგენი, გერმანია

რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი

მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი

მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სანჰოზე, კალიფორნია

გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია

ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ

ზურაბ გურული, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ

ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი

გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი

ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი

ქეთევან ლობჟანიძე, პარიზის ტრუსოს საავადმყოფო, საფრანგეთი

არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი

მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ

დავით მრელაშვილი, ექიმი ნევროლოგი, აშშ

ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია

ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია

ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი

ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია

თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუჯერსი, აშშ

ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო

ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელ​ობაზე

„ხალხო, გვეშველა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო...“ - გიორგი ფხაკაძის ახალი ვიდეომიმართვა
​პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მაყურებელს ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ ფაიზერის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:„მ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა შტამის შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“ - ლევან რატიანი კოვიდ-19-ის ინდური შტამის შესახებ საუბრობს

„დელტა შტამის შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“ - ლევან რატიანი კოვიდ-19-ის ინდური შტამის შესახებ საუბრობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა საქართველოში დელტა შტამის გავრცელებისა და იმ თავისებურებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ახალ შტამს კოვიდ-19-ის სხვა შტამებისგან განასხვავებს:

„ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ამ სახეობის იდენტიფიცირება. ერთადერთი განმასხვავებელი სხვა შტამებისგან არის ის, რომ ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა. უფრო მეტად გამოხატულია ჰექტიური ცხელება. ვირუსს ჰქონდა ცხელების ეპიზოდები, ეს იყო მეხუთე, მეშვიდე დღეს, მაგრამ ​დელტა შტამის შემთხვევაში, ინფიცირების პირველივე დღესვე, შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. ტემპერატურა უფრო მეტად არის 38 და უფრო მაღალი.“

ლევან რატიანის თქმით, დელტა შტამს ბევრად მაღალი გადამდებლობა აქვს, ვიდრე სხვა შტამებს:

„ცხელება თავისთავად იწვევს ორგანიზმში გაუწყლოვებას. ამ შემთხვევაში ადამიანმა, რა ასაკისაც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.​ გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამებს. ამ შტამის შემთხვევაში ისიც ვთქვით, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება სიმპტომატიკას, არ განსხვავდება წინა შტამებისგან.“

„თუ ასე გაგრძელდა, ეს სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. წესები ყველამ უნდა დავიცვათ, რომ რამენაირად მოხდეს ვირუსის შეკავება. ვიქნებით თუ არა ვაქცინირებული, ის რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რაც მოწოდებულია. ​

მსოფლიო ჯანდაცვის ორ​განიზაცია პანდემიის ლიკვიდაციას 2024 წელს ვარაუდობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია კიდევ სამი წელი იქნება ასეთ ბობოქარ სიტუაციაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად