Baby Bag

,,ვაგრძელებ გულახდილ საუბრებს პანდემიასთან დაკავშირებით - ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსის მატარებელი და გადამდებია''

,,ვაგრძელებ გულახდილ საუბრებს პანდემიასთან დაკავშირებით - ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსის მატარებელი და გადამდებია''

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ წერს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,ვაგრძელებ გულახდილ საუბრებს პანდემიასთან დაკავშირებით, ცხადია ჩემი ცოდნის და შესაძლებლობების ფარგლებში...

1. ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ვირუსის მატარებელი და გადამდებია; ოდნავ ლოგიკას თუ მოიშველიებთ, დიდი პასტერობა და კოხობა არ უნდა იმის გააზრებას, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანში გადადის ცხვირ-ხახის გამონაყოფიდან- ნერწყვი, გამოყოფილი სეკრეტი. ანუ ვირუსი იქ უნდა იყოს ამავე გზის შემოსული და ცემინებით, კოცნით, საუბრისას ნერწყვით, დახველებით მოხვდეს მეორე ადამიანის ცხვირ-პირის მიდამოში. ვაქცინა კი კეთდება კუნთში. მკვდარი ვაქცინა როგორ უნდა გამრავლდეს? თანაც ისე, რომ ნერწყვში და სეკრეტებში გაჯერდეს! უკვე მხოლოდ ფილტვებში არსებული ვირუსიც კი აღარაა დიდი ალბათობით გადამდები, არათუ ვაქცინა.

2. ,,ვაქცინა გაიკეთა და მაინც დაავადდა"..კი ბატონო, ასეც ხდება. ის კი არა, ძალიან ბევრი გვყავს ხელმეორედ გადატანილები. გვყავს ექიმიც, რომელიც ორჯერ დაავადდა და შუაში ვაქცინირებულიც იყო! რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ვაქცინაციას აზრი არა აქვს? მსოფლიო სტატისტიკა საწინააღმდეგოს ამბობს და ეს გამონაკლისები სწორედ ზოგადად კანონზომიერებას ამტკიცებს: "აცრილების დაავადების ალბათობა 80%-ით მცირდება, ხოლო სიკვდილობა, სრულყოფილი ვაქცინაციისას - 99 -100% -ით!"

3.,,დიდი ხნით ერთიდაიგივე პირბადის ხმარება უფრო სახიფათოა, ვიდრე უპირბადეობა!".. რა თქმა უნდა, ჯობია ცვალოთ პირბადე. მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ატარეთ მუდამ ერთი და იგივე მხრივ. პირბადე სახეს მუდმივად ეხება და დაბინძურებისას არის საფრთხე, სხვა მიკრობებმა დაიბუდნონ და გამოიწვიონ კანის დაავადებები. დავიმახსოვროთ: პირბადის მთავარი დანიშნულება კოვიდის წინააღმდეგ არის როგორც ჩვენი ნერწყვის და ცხვირის გამონადენების მექანიკური შეკავება, რომ სხვას არ გადავდოთ, ასევე სხვის მიერ "გამოსროლილი" იგივე ნაწილაკებისგან მექანიკური დაცვა.

4. არაა სწორი გავრცელებული მოსაზრება, რომ ბევრი სითხის მიღება სასარგებლოა. დამძიმებული ფორმების შემთხვევაში - კი პირიქით, არაფრით არ შეიძლება ბევრი სითხის მიღება! შეიძლება გამოიწვიოს შეგუბება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ფილტვების დაზიანების გამო.

5. ,,ვერ ხერხდება დროული დახმარების გაწევა, იგვიანებს კვლევის პასუხები, ძალიან ბევრი ხალხი და ზოგჯერ უკონტროლობაა კოვიდიან პაციენტთა კვლევებისას, აცრების დროს და ა.შ. თუ კარგი პატრონი არ გყავს და არ ,,იჩალიჩე", კლინიკაში ვერ მოხვდები!"

.... სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მართალია.. ძალიან არ გვყოფნის პერსონალი, რესურსები, ადგილები..

6. წინა თეზიდან გამომდინარე, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თუ ეს ყველაფერი ჩვენ კლინიკაში შეგემთხვათ. პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს - ვინც გვიკავშირდება და ამავე დროს, ყველა ჩვენ მოქალაქეს: გთხოვთ იყოთ შემწყნარებელი ჩვენს მიმართ, სამედიცინო მუშაკების მიმართ. ძალიან მძიმე სურათს ვუყურებთ ყოველდღე. აუტანელია იმის შეგრძნება, რომ ვერ ეხმარები ადამიანს, თვალსა და ხელს შუა ილევა პიროვნება. იწურება ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის რესურსები. ბევრ რამეს, მათ შორის იმ ხუმრობას, რასაც ადრე სიცილით ვიღებდი მეგობრებისგან- საშინელ გაღიზიანებას იწვევს. გუშინ საღამოს ვესაუბრე ჩემს კოლეგას, რომლის ყველაზე დიდი იმედი მაქვს ამ დაავადებასთან ბრძოლაში- ალბათ ძალიან ბევრსაც. თითქმის ტირილით მიპასუხა "ახლა სახლში ვზივარ, მარტო და რაიმე ალკოჰოლური თუ არ მივიღე, გული გამისკდებაო". ძალიან მოწესრიგებული ქალბატონია და საერთოდ არასდროს დაულევია! რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, იმდენად უშიშარია, რომ თოფიან ფირალს ჩამოიღებს ცხენიდან!... ახლა საშინლად დათრგუნვილი იყო.. დავუყვავე და ,,რა ვქნა, საშინელი ნაკადია, ყველა მიმძიმდება და ვერ ვშველიო!" .., რა თქმა უნდა, ასე არაა, ეჩვენება გადაძაბულობის გამო - ერთეულების გარდა, ყველანი გაჯანმრთელებული უბრუნდებიან ოჯახებს. სასწაულად მძიმე, თითქმის უიმედო შემთხვევები გამოვტაცეთ ახლახანს სიკვდილს, მაგრამ გონებაში მარცხი უფრო დიდხანს ილექება და ფსიქიკას წამლავს...

თავს არ გაცოდებთ, ისევ თქვენ და ჩვენ ქვეყანას რომ კარგად გამოვადგეთ, ცოტა დაგვზოგეთ...'' - აღნიშნავს დავით გადელია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ - აღნიშნული შელოცვა სოციალურ ქსელში მანანა ჯინჭარაძემ გაავრცელა. მას უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სახალისო პოსტია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იგი ერთადერთ მიზანს - კარანტინის დროს ადამიანების განწყობის ამაღლებას ემსახურება. 

შელოცვამდე კარგად დაიბანეთ ხელები, აიფარეთ პირბადე, გაიკეთეთ ხელთათმანები.

სახელითა გამყრელიძისათა, ცერცვაძისათა, იმნაძისათა,

,,შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს".
რო დაგვყავი კლასტერებად,
გედვიქეცით მასტერებად.

კოვიდიე, კორონიე,
რა ხარ, რა ეროვანი ხარ,
ჩინელი ხარ, რუსი ხარ,
ამერიკელი ხარ, კოსმოსელი ხარ,
ნამდვილი ხარ, ტყვილი ხარ,
ეიარე, დეიარე
ფეხის ფჩხილით გეიარე,
ფილტვში ხარ, ცხვირში გამოი,
ცხვირში ხარ, გარეთ გამოი,
ხელის და ფეხის ფჩხილებიდან გამოი,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
ფერიც დუუტიე,
ხორციც დუუტიე,
ჭკვა და ცნება დუუტიე,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,

როის მოი, როის მიხვალ,
ორშაფათს მიხვალ, ორშაფათს წაი,
სამშაფათს მიხვალ, სამშაფათს წაი,
ოთხშაფათს მიხვალ, ოთხშაფათს წაი,
ხუთშაფათს მიხვალ, ხუთშაფათს წაი,
პარასკევს მიხვალ, პარასკევს წაი,
შაფათს მიხვალ, შაფათს წაი,
კვირას მიხვალ,კვირას წაი,
მოუსავლეთში წაი, მარილზე წაი,
გაღმა გაი, ჯანდაბაში წაი.
წაი ოღონდ, დროზე წაი.
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,

"შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს". ( 3-ჯერ)

შემდგომ, კარგად დაიბანეთ ხელები, დაასუფუთავეთ სამოსი და ბინა, დარჩით სახლში.

(ინსპირაცია და-ძმა ანდღულაძეებისა) დავით ანდღულაძე სოფიო ანდღულაძე

წაიკითხეთ სრულად