ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
„სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღებით კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ," - ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია
ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია კოვიდ-19-თან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას მეტისმეტად ენდობიან, რის გამოც შეცდომაში შედიან:
„სამწუხაროდ ქაოსია, სამეცნიერო ინფორმაცია ძალიან მარტივად ვრცელდება, შესაბამისად მოსახლეობა შედის შეცდომაში. ჩვენ გვახსოვს იბუპროფენთან დაკავშირებული მითები, რომელიც არ დადასტურდა. იყო მითი ბეცეჟე-ს ვაქცინასთან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ ის გვიცავდა კორონავირუსისგან, რაც ასევე არ დადასტურდა, რადგან გავრცელება ჩვენთანაც მაღალია. იგივე ხდება დღეს D და C ვიტამინზე. რომ დავიწყოთ D ვიტამინით, ზოგი ადასტურებს, მაგრამ ზოგი არ ადასტურებს, რომ მას რესპირატორულ დაავადებებთან მიმართებაში დამცველობითი ფუნქცია ახასიათებს.არ არსებობს რაიმე სარწმუნო წყარო, რომლის მიხედვითაც დამატებით C და D ვიტამინის მიღება დაგვიცავს კოვიდისგან ან კოვიდის გართულებებისგან. თუ ამ ვიტამინების დეფიციტი გვაქვს, რა თქმა უნდა, მათი მიღება უნდა გავაგრძელოთ.“
არჩილ მარშანიაც თქმით, D ვიტამინის დეფიციტის პრობლემა თუ არ გვაქვს, მისი მიღება აბების სახით საჭირო არ არის:
„D ვიტამინი, რა თქმა უნდა, საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველდღიურად აბების სახით მივიღოთ გადაჭარბებული დოზებით. კვირაში სამი დღე მზეზე ყოფნითაც მივიღებთ საჭირო დოზას. მზისგან დამცავი კრემებიც კი არ აფერხებს მის მიღებას. არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ დეფიციტის პრობლემის არარსებობის დროს მივიღოთ ის აბების სახით.“
არჩილ მარშანია ადამიანებს მოუწოდებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ თვითნებურად სისხლის გამათხელებელი აბები და საშუალებები:
„კორონავირუსის ერთ-ერთი ვერაგი გართულება არის თრომბოემბოლია. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მდგომარეობა გართულებულია, ან როდესაც პაციენტი არის თრომბოემბოლიის რისკის ქვეშ. სხვა შემთხვევაში ჩვენ რუტინულად რაიმე სისხლის გამათხელებლების მიღება არ გვჭირდება. მით უმეტეს, თვითნებურად მიღებით კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. შესაძლოა, გაიზარდოს ინსულტების ან სისხლდენების რისკი. ლიმონიან წყალს რაც შეეხება, აქ მნიშვნელოვანია თვითონ წყალი და არა ლიმონი შიგნით. ლიმონი კარგია, არომატულია. ზოგ ადამიანს არ მოსწონს წყალი და გემოსთვის ერთი ნაჭერი ლიმონი რომ ჩავაგდოთ, კარგია. ისიც არ შეიძლება, რომ ლიმონი გავწუროთ და დავლიოთ. ამან შეიძლება გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავი.“
„ასპირინის ბუმი არის ახლა რატომღაც. გართულებულ შემთხვევებშიც კი ასპირინი არ არის პანაცეა. ნუ მიიღებთ ასპირინს თვითნებურად. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“ - აცხადებს არჩილ მარშანია.