ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
24 დეკემბრიდან სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები - აღნიშნულის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას.
ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება“,- დასძინა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ბაზრობების საქმიანობას, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ბაზრობებზე ვერ იქნება დაცული ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის და სწორედ ამიტომ ბაზრობების მუშაობა ვერ განახლდება:
„მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ, რომ სამწუხროდ, იქ ვერ იქნება დაცული ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის. ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული. მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურად ვაჭრობის საშუალება.
აგრარული ბაზრები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას ისე, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების ყველა წესს,'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.