ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
„ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა“ - იაგო ფრანგიშვილი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების არასწორი მართვის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის პოსტს:
„ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კტ, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, აი, ფილტვის დიდი წილაკების საზღვრებს რომ ანატომიურად მონიშნავ, აი ისეთი ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე. ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით. აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და კიდევ, ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის. არცერთხელ არ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა. დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა მთელი დიაგნოსტიკა. ნუთუ ასე ძნელად შესაგნებია, რომ დადებითი ტესტი მხოლოდ კორონაზე არ ნიშნავს, რომ აი ეს კონკრეტული პრობლემა კორონაა? კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.
უკვე მერამდენე შემთხვევაა, უკვე ასამდე ადის ჩემთან შემოსული ამგვარი საშინელი არადიფერენცირებული მიდგომა.
რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით გულის უკმარისობის გამო და რახან კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.
რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და „ფილტვია დაზიანებულიო“ და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, რომ ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, იმიტომ, რომ მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დ დიმერის ანალიზს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, აი, ხო ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო.
დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ აიწევს და გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე? ექიმმა?
არ ჰქონდა დ დიმერი, დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია.
არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება.
80%-იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, ეს გამორიცხულია. არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა.
ლაბორატორიული მონაცემით აქციონიზმი კლავს.
ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.
ნუთუ ამ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%-ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის. აი, ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო, იმას უნდა მიაგნო და უმკურნალო.
არც თუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას.
გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა და მე კი არა მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე რეზისტენტები და მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.
ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ ფილტვების ანთება პნევმოკოკით, ან კლებსიელათია გამოწვეული, უმკურნალებ სათანადოდ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ამას საოცრებად ჩაგითვლიან და უზენაეს მადლად, ღირს დაფიქრებად და ჩაკირკიტებად, ღირს ეს ყველაფერი კითხვების დასმად, ღირს ეს ყველაფერი იმად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით.
ეს არაა შეცდომა, არამედ ასეა მედიცინა, დიაგნოზი ყალიბდება დროში, კლინიკით, დაკვირვებით და დამატებითი კვლევით.
ასე რომ არ იყოს, ექიმი საერთოდ საჭიროც არ იქნება, შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც და მკურნალობასაც. არაა ასე. კომპიუტერი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია სულ და ექიმი - არა. ექიმს კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და კომპიუტერს, ლაბორატორიას კი - არა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.