ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ, ირეცხება
ეკონომიკის მინისტრმა ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დავიწყეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში“, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ ეტაპზე, ეს იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ. ის ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ასევე მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებთან. ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად, სამედიცინო მუშაკების საქმიანობის დროს, პირბადეები იქნება ერთჯერადი, რადგან იქ საჭიროა უფრო მეტი კონტროლი,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები შეიკერება 10-მდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში, რომლებმაც გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.