ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“
კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამგრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა.
„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.
ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს:
„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“
მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.
„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“
მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.