ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა... გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი''
,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც და ეს 5 რეკომენდაცია გაითვალისწინოს:
„მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც.სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე.
მეორე პრევენციული ღონისძიებაა დისტანცია, საუკეთესოა, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
მეოთხე - ყველა შეკრება უნდა იყოს შეზღუდული, მაქსიმუმ 6-10 ადამიანი და უფრო ხშირად ღია სივრცეში.
მეხუთე და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სადღესასწაულო, სარიტუალო თუ სხვა, რადგან ეპიდაფეთქებების წყარო სწორედ ის გახლავთ, რომ დიდ თავშეყრებზე არ ხდება პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
ყველა ეპიდაფეთქება, რაც გვქონდა, დიდი შეკრებებისა თუ დღესასწაულების გამოძახილი იყო, რომელიც გვქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. უმორჩილესად გთხოვთ, ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად ეს 5 პრევენციული ღონისძიება რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.