ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება
სკოლებში ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული - ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.
საჯარო და კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.
რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე, 4 ოქტომბერს მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელონ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია სამინისტროსთან შეთანხმებით.
ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული და სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი“, - დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.