ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ გადაჭარბებული ყურადღებაა მიპყრობილი ამ ტიპის დაავადებების მიმართ,“- ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ბავშვებში გავრცელებული ვირუსების გამო მშობლების განსაკუთრებული მღელვარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებული არაფერი ხდება:
„ამ ეტაპზე კოვიდი ისევ სახეზეა, გარკვეული შემთხვევები გვაქვს. ამ ინფექციის მთლიანად გვერდზე გადადება და დავიწყება ჯერჯერობით ნაადრევია, მაინც ფრთხილად ვიყოთ. ასევე წარმოდგენილია ჯერ კიდევ გრიპი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სეზონი არ არის. ბევრია ადენოვირუსის შემთხვევები, რომელიც დიარეით მიდის ხშირად, ასევე ე.წ. რინოვირუსები, რომელიც იწვევს ზემო სასუნთქი გზების გამოხატულებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე ქვეყნდება გრაფიკები, რომელი ვირუსები ცირკულირებს ამჟამად.
რაღაც განსაკუთრებული ახლა არ ხდება, როგორც ამას ბევრი აღიქვამს. თუ ჩვენ ავიღებთ ეპიდემიოლოგიურ ჭრილს და სხვა პერიოდებთან შევადარებთ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ გადაჭარბებული ყურადღებაა მიპყრობილი ამ ტიპის დაავადებების მიმართ. თუ ადრე დედა იტყოდა, რომ ჩემი ბავშვი გაცივდა და არაფერი, უბრალოდ სურდო აქვს, ახლა სხვაგვარადაა. შეიძლება ეს გარკვეულწილად კარგი იყოს. ადრე იმის გამო, რომ „უბრალოდ გაციებულია და არაუშავს,“ ბავშვს წაიყვანდა ბაღში, მოზრდილი წავიდოდა სამსახურში, არ მოერიდებოდა სხვებს, ახლა მეტად აღიქვამენ ადამიანები, რომ ეს არის ინფექცია და გადამდებია სხვებისთვის. ეპიდემიოლოგიურად შეიძლება ასეთი გადაჭარბებული ყურადღება და სიფრთხილე კარგი იყოს. მეორეს მხრივ, არის ძალიან დაუსაბუთებელი მღელვარება და შფოთვა ნებისმიერ ყელის წამოტკივებაზე, სურდოზე, თუნდაც მაღალ სიცხეზე. კოვიდმა შეგვაშინა, მარტო ჩვენთან არ ხდება, ეს საყოველთაო პრობლემაა მსოფლიოში,“- მოცემულ საკითხზე მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.