ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„პისიარის ცდომილების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ნაცხის აღების ტექნიკა და დღე,“- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კავკასიძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი კავკასიძემ ომიკრონით ინფიცირების დადგენისას პისიარ ტესტების ცდომილების ალბათობაზე ისაუბრა:
„ვუჰანის შტამთან შედარებით ომიკრონს აქვს 50-ზე მეტი ცვლილება. ეს მუტაციები არის ყველა ცილაში. იმის მიხედვით, რომელი ცილის აღმოსაჩენად იყო ტესტები შექმნილი, ეს სამიზნეები აირია და შეიცვალა. ამიტომ არის, რომ პისიარიც კი შეიძლება შეცდეს. ყველაზე ხშირი მიზეზი პისიარის ცდომილების არის ნაცხის აღების ტექნიკა და დღე.“
გიორგი კავკასიძის თქმით, არ არის მნიშვნელოვანი იმის ზუსტად განსაზღვრა დელტა შტამი გვაქვს თუ ომიკრონი:
„ხალხი კითხულობს: ომიკრონი გვაქვს თუ დელტა? რა მნიშვნელობა აქვს?! საქმე გვაქვს კოვიდ-19-თან. მაღალი რისკის ჯგუფებში ომიკრონი იმავე გართულებებს იწვევს, რასაც იწვევდა დელტა. ანტიგენის სწრაფი ტესტი იცით, რომ ცხვირ-ხახიდან იღება. ომიკრონზე კვლევამ აჩვენა, რომ პირის ღრუში გაცილებით ადრე და გაცილებით დიდი რაოდენობით არის ეს ვირუსი, ვიდრე ცხვირის ღრუში.“
„ბევრმა ქვეყანამ ტაქტიკა შეცვალა. კომერციული ტესტები ყველა გათვლილი იყო ცხვირიდან ნაცხის აღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამღები ჩხირი ამისთვისაა, მას მაინც იყენებენ პირის ღრუდან ნაცხის ასაღებად. ორი არედან უნდა აიღო. ჩვენთან, მგონი, უგულებელყოფას უკეთებენ ხახიდან აღებას და მარტო ცხვირიდან იღებენ ნაცხს,“- აღნიშნულ საკითხზე გიორგი კავკასიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.