Baby Bag

რამდენად მაღალია ალბათობა, რომ სექტემბრიდან სწავლა ისევ დისტანციურად განახლდეს? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი

რამდენად მაღალია ალბათობა, რომ სექტემბრიდან სწავლა ისევ დისტანციურად განახლდეს? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი

„სექტემბრამდე ​წინ აგვისტოს სამი კვირაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური ვაქცინაცია და იმედი გვაქვს, საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სექტემბრამდე პედაგოგების დიდი ნაწილი ვაქცინირებული უნდა იყოს.

მისივე თქმით, დღეს დაიწყო პედაგოგებისა და სხვა პირებისთვის აცრები რეგისტრაციის გარეშე:

„სპეციალური გამოყოფილი სივრცეები არის პედაგოგებისთვის და ასევე სხვა პირებისთვის, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მასიური ვაქცინაციის ცენტრში, სადაც დღეს პირველი ჯგუფი აიცრა რეგისტრაციის გარეშე. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სექტორს, თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. შემდეგ ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ამდენად, დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს პედაგოგებისთვის, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „მივყვებით ნაბაყოფლობითის მოდელს.“

„ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. დღეს, ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთარი არჩევანითა და ნებით ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და შესაძლოა, მეტი საგანმანათლებლო მუშაობ იყოს საჭირო, თუ რაღაც შემთხვევაში ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ბერიძე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და 30 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, პროფესიულ განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავს.

ცარო მაისურაძე მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ. ის გეოგრაფიას ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ასწავლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

ლუიზა ლომჯარია ინგლისური ენის მასწავლებელია. პედაგოგიური საქმიანობა 43 წლის წინ დაიწყო და თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დღემდე წარმატებით აგრძელებს.

შალვა ხუციშვილი თბილისის 219-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და უკვე 39-ე წელია მოსწავლეებს მათემატიკას წარმატებით ასწავლის.

მარინა მამულაშვილი თბილისის 140-ე საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგია,33 წლიანი სამუშაო სტაჟით.მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი, განსხვავებული და საინტერესოა.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

წაიკითხეთ სრულად