პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფაიზერის მესამე დოზაზე საუბრობს. მისი თქმით, ბუსტერი (მე-3 დოზა) გარდაუვალია:
,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.
ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.
ფაიზერმა კვლევა დადო (იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.
საქართველოში რა უნდა ვქნათ:
ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში).
ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).
აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე.
ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მოვიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
პროფესორი ასევე საუბრობს სინგაპურის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფაიზერით ან მოდერნათი ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ:
,,სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ ვინაიდან უმრავლესობა:
შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ,
მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება,
საკმაოდ დაბალია ალბათობა, რომ მოხვდნენ რეანიმაციაში ან გარდაიცვალონ,
მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.
„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი,“ - ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოვიდ-19-ის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვირუსი ყველაზე საშიშია წლამდე ასაკის პატარებისთვის:
„ყველაზე საშიში არის წლამდე ასაკი. წლამდე ასაკის ბავშვი, თუ კორონავირუსი დაფიქსირდა და ცხელება არის, აუცილებლად უნდა იყოს საავადმყოფოში. იქ გართულებების რისკი გაცილებით მაღალია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩვენ ყოველთვის უფრო ფრთხილად ვართ. იმუნური სისტემის მზაობა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში. ჩვენ ყოველთვის გვეშინია წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ნებისმიერი ვირუსული ინფექციის.“
ივანე ჩხაიძის თქმით, მაისში გრიპის არცერთი შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება და გრიპის სეზონი აპრილში დასრულდა:
„მაისის თვეში არცერთი შემთხვევა არ არის გრიპი. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბერში და მთავრდება ყველაზე გვიან აპრილში. წელს ქვეყანაში ორი შემთხვევაა დაფიქსირებული გრიპის. ის, რომ ახლა სეზონური ვირუსების მატება აღინიშნება, ეს ფაქტია, მაგრამ ეს არ არის გრიპი. გრიპის დროს აუცილებლად არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ეს არის გრიპი. ის ვირუსები, რომლებიც ახლაა, ძირითადად სასუნთქ სისტემაზე მოქმედებენ. არის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, შეიძლება იყოს მსუბუქი ყელის ტკივილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, არავითარ შემთხვევაში ძლიერი დაღლილობის, სხეულის ტკივილის, საერთო სისუსტის შეგრძნება. ეს უფრო გრიპისთვის არის დამახასიათებელი.“
„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი. არცერთ იმ ტიპის ვირუსს არ ახასიათებს გახანგრძლივებული ტემპერატურა 38-ზე მაღალი. ყველაზე მარტივი რჩევა ეს იქნება. თუ თქვენი შვილი არ ჭამს, ძილიანია, უხასიათოდ არის, იფიქრეთ, რომ ეს შეიძლება იყოს კორონავირუსი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.