პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფაიზერის მესამე დოზაზე საუბრობს. მისი თქმით, ბუსტერი (მე-3 დოზა) გარდაუვალია:
,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.
ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.
ფაიზერმა კვლევა დადო (იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.
საქართველოში რა უნდა ვქნათ:
ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში).
ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).
აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე.
ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მოვიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
პროფესორი ასევე საუბრობს სინგაპურის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფაიზერით ან მოდერნათი ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ:
,,სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ ვინაიდან უმრავლესობა:
შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ,
მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება,
საკმაოდ დაბალია ალბათობა, რომ მოხვდნენ რეანიმაციაში ან გარდაიცვალონ,
მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.
„ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია,“- გიორგი ფხაკაძე
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დელტა შტამმა დაგვაყენა. მისი თქმით, დელტა შტამის გამო კოვიდგადატანილთა ვაქცინაციის პროცესშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს:
„დელტა ვარიანტმა ისე შეცვალა ყველაფერი. როდესაც იყო ვუჰანური შტამი, მაშინ იყო საუბარი, რომ ვირუსის გადატანიდან ხუთი თვის მერე გაიკეთებდით ერთ დოზა ფაიზერს და ეს იყო საკმარისი. სამწუხაროდ, მერე წამოვიდა ალფა ვარიანტი ბრიტანეთიდან, რომელიც 40-ჯერ უფრო ვერაგია, ვიდრე ვუჰანური შტამი. დელტა, რომელიც ყველგან არის მსოფლიოში და საქართველოში 100 %-ია, არის 60-ჯერ უფრო ვერაგი, ვიდრე ბრიტანული შტამი. წარმოგიდგენიათ, ახლა რასთან გვაქვს საქმე?!“
გიორგი ფხაკაძის თქმით, ვაქცინა ადამიანის სრულ დაცულობას არ უზრუნველყოფს, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნებაში გვეხმარება:
„ვაქცინა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია. ესეც კარგად უნდა გახსოვდეთ. ვაქცინა არ დაგიცავთ 100 %-ით, რომ ვირუსი არ დაგემართებათ, მაგრამ დაგეხმარებათ, რომ რეანიმაციაში არ მოხვდეთ, დაგეხმარებათ, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოთ. ეს, რაც მართალია, მართალია. ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია. ფაიზერი არ არის უკვდავების ელექსირი.“
„ფაიზერი გეხმარებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 100 %-ით იქნებით დაცული. აცრის შემდეგაც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე, სადაც არის საჭირო. ვინც გადაიტანა კოვიდი, იმან უკვე იცის, რა ვერაგია ეს ვირუსი. ვირუსის გადატანის შემდეგ დაინფიცირება შეიძლება იყოს 100-დან 30 ან 100-დან 1. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგ. რა რაოდენობის ვირუსი იყო ჰაერში, თუ თქვენ ერთ ოთახში ხართ ინფიცირებულთან ერთად, ყოველ 15 წუთში დახურულ ოთახში იზრდება დაინფიცირების რისკი. თუ თქვენ პირბადით ხართ, მაგრამ არ ნიავდება ოთახი, რისკი იზრდება ყოველ 15 წუთში. სწორედ ამიტომ, სკოლებშიც ყოველ 15 წუთში ოთახები უნდა განიავდეს. პირბადეშიც უნდა ვიყოთ და განიავებაც საჭიროა. თუ გექნებათ ვაქცინა, იქნებით პირბადეში და ოთახს გაანიავებთ, აქ უკვე 99 % ხართ დაცული,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.