იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კიხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო.
ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება. მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი.
1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!
2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!
3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!
4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.
5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!
6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!
8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.
9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!
გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ეხლა ვაქცინაციაზე გადის!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
„პანდემიის დროს აცრის ჩატარება თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა,“ - დავით ლოლაძის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს
ზოგადმა ქირურგმა დავით ლოლაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონიდან ამონარიდი გააცნო, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის პირობებში პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლებას არ აძლევს:
„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. მე ახლა წაგიკითხეთ მონაკვეთი საქართველოს კანონიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ. ნაცნობებო, მეგობრებო, კოლეგებო, პანდემიის დროს აცრის ჩატარება თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა. შეიძლება არაფრად ჩააგდოთ ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის ნათქვამი. მაგრამ ეს კანონით გათვალისწინებული წესია.“
დავით ლოლაძის თქმით, როდესაც ჩვენი თავისუფლება სხვას უზღუდავს სიცოცხლის უფლებას, იქ უკვე კანონის ენა შემოდის:
„შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. როდესაც თქვენი თავისუფლება სხვას უზღუდავს ყველაზე უზენაეს, ანუ სიცოცხლის უფლებას, აქ შემოდის კანონის ენა. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილით ხედავთ ავტობუსს, რომელიც კლდეში იჩეხება. ეს ავტობუსი ადამიანებით არის სავსე. ამ ავტობუსში დაახლოებით 70 ადამიანი ეტევა, იმდენივე, რამდენ სიცოცხლესაც თითქმის ყოველდღიურად ვკარგავთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ ავტობუსში სხედან ჩვენი მეგობრები, ჩვენი ოჯახის წევრები, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეს იყოს ჩვენი შვილები და ჩვენც. დავიჯერო, ასე მშვიდად გააგრძელებდით ამ შემთხვევის ყურებას, ყოველდღიურად ავტობუსი რომ ხევში იჩეხებოდეს?! ალბათ, იმოქმედებდით."
„დროა, ახლაც ვიმოქმედოთ ყველამ და მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: ავიცრათ და დავასრულოთ პანდემია,“- აღნიშნულ საკითხზე დავით ლოლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.