Baby Bag

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

ენათ­მეც­ნი­ე­რმა მა­რი­ნე ბე­რი­ძემ კორონავირუსი მძიმედ გადაიტანა. სწორედ ამ პერიოდს უძღვნის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,წუთშესვენება უნდა გამოვიყენო და ეს დავწერო.

...

ჯერ მეგონა, რომ იმისთვის გადავრჩი, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, მომეთხრო სხვებისთვის და თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა...

იმდენად გრძელი აღმოჩნდა გზა რეანიმაციის "ზედა სართულიდან" ფეისბუკურ ოხშივრამდე, რომ ეს სურვილი შეგნებულად ჩავახშე ჩემში. არ იყო ადვილი მაშინ, მაგრამ ჯერ ალღომ, მერე გარემოზე დაკვირვებამ მიკარნახა. ბოლოს გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ოდესმე იქნებ მოიტანოს სიტყვამ და ვთქვა.

ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო? რატომ დაემსგავსეთ საკუთარი ლეკვების მჭამელ იშვიათ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის?!

სინამდვილეში, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც "ორშაბათიც შაბათია" ამ ქვეყანაზე!

მოკლედ, ვიწყებ აქა-იქა გახსენებას. თანმიმდევრული აღწერის არც დრო მაქვს, არც ძალა.

ვაგიფა

როცა ახალგაზრდა მოწყალების "ძმამ" ურიკით თეთრად გაკაშკაშებულ "დარბაზში" შემასრიალა, უკვე ისე ვიყავი უჟანგბადობით დაოსებული, კარგად ვერ ვარჩევდი რეალობას და შეგრძნებებს. ერთი პირობა, კინაღამ აფორიაქებულ ანგელოზთა ფარფატად მომეჩვენა ეს უცნაური, ზუზუნა და მოძრავი მდუმარება. პირველი შთაბეჭდილება არ მქონია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ათეული იყო ასეთი: კახი კავსაძე _ თეთრ ლოგინს მიჯაჭვული ამ სიტყვის ყველა ირიბი და პირდაპირი გაგებით, თავადაც მიტკალივით თეთრი; სახეზე შიშშეყინული ინტუბირებული პაციენტები _ უსიცოცხლო სხეულები (დიდხანს ვიფიქრე, ეს ევფემიზმი რომ გამომეყენებინა იმის ნაცვლად, რაც იქ ვიგრძენი), უფანჯრო ოთახის იისფერი შუქი, რომელიც კი არ ანათებს, მარად სიფხიზლედ ხმაურობს და სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე ბეწვის ბილიკს ოდნავ ხილვადობას აძლევს. სულ ოდნავს _ არც ბნელა, არც ნათელია; რეანიმაციის მუსიკა _ ჩაწერილი მაქვს მრავალი წუთი. ამ მუსიკას პაციენტების თავთით დაკიდებული აპარატურა გამოსცემს: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია, გული, თირკმელი.... სხვადასხვა ხმაზე ეხმიანება დიდი მინის ხუფის გადაღმა ჩასაფრებულ ექიმებს. ყური ეჩვევა გვიან. და მერე უკვე გრძნობს, რომ ახლა ჩამოგიდგამენ მწვანე შირმას მარცხნიდან ან მარჯვნიდან _ გააჩნია, ვისი მელოდია ჩაქრა სამუდამოდ აქეთა სამყაროში, ხმამაღლა იტყვიან შენს (ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფის) გასაგონად: წაიყვანეთ რენტგენზე... და გაუყენებენ აჭრიალებული ურიკით გზას. მისი "შემცვლელი" კი უკვე მოგორებულია კარებთან... რიგია რეანიმაციაშიც.

მოკლედ, გამიგრძელდა.

ვაგიფა 20-22 წლის აზერბაიჯანელი გოგონაა. ჩემ მარჯვნივ, კახის შემდეგ წევს, ფანჯარასთან. სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა, ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას. ჯერ არც ვიცი რომ ვაგიფაა... კვნესის. მაფხიზლებს და უცნაურ ძალას მაძლევს მისი კვნესა. მავიწყდება წუთით ჩემი გასაჭირი და მისკენაა მთელი ჩემი ყურადღება მობილიზებული. ფრაგმენტებად ვაგროვებ "მიხვედრებს": ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იგუდება. ვერ სუნთქავს. ტირის. ქართული არ იცის. სულ ცოტა რუსული. ექთნებმა რუსული არ იციან. ვიღას ახსოვს საკუთარი ფილტვების 23 თუ 24 ქულიანი დაზიანება (ვინ გეტყვის მართალს): ვაგიფა! უნდა ჭამო! რაღაც მაინც უნდა შეჭამო, ასე თქვა ექიმმა! გავძახი რუსულად. _ არ შემიძლია! _ მპასუხობს , თან ხველა ახრჩობს! _ ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვატან რაღაცას, არც მახსოვს რას. ალბათ ხილს? ხაჭაპურს? _ ვერ ვიხსენებ. ერთ - ორ ლუკმას ჭამს. არ შეუძლია, ტირის. ისე ტრიალებენ, ისე შფოთავენ, ისე დასტრიალებენ, მგონი... ღმერთო! არა! _ვაგიფა! _ ვყვირი მთელი ხმით _ ისუნთქე, ღმად, ღრმად ისუნთქე, არ გაჩერდე!.. _არა, ვაგიფა! ბავშვს რა ჰქვია, რა დაარქვი გოგონას? _ გავყვირი ისევ (მაინც ვერავის გავაღვიძებ). _ არ ვიცი, ვერ მოვასწარი სახელის დარქმევა _ მპასუხობს ძალაგამოლეული, თითქოს ახლა გაახსენდა, რომ სახელი არ აქვს მის შვილს. ვხვდები, რომ გამოცოცხლდა. ლოყებზე ფერი დაეტყო. _ ვაგიფა, საყვარელო, ახლა ის მარტოა, შეშინებულია, მისთვის უნდა გადავრჩეთ, მეც და შენც. არ მიატოვო, არ მიატოვო, ვაგიფა! _ ყველა დაძახებაზე კრთება და თვალს ძალისძალად ახელს. _ ვაგიფა, ელაპარაკე, ელაპარაკე შენს შვილს. უთხარი რომ გიყვარს,. უთხარი, რომ გადარჩები, დამპირდი, რომ არ მოკვდები! ვაგიფა!

...

სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამდენი დღის შემდეგ, ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ რომ ჩამოაფარეს შირმა და მერე ადგილი გათავისუფლდა, ვაგიფა ჩუმად, ხვეწნით ეუბნება ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტიოტე...

აუხსნეს, რომ ამ ფანჯარასთან თურმე იმიტომ წევს, რომ გინეკოლოგმა, რომელიც ბლოკში ვერ შემოდის, ფანჯრიდან ნახოს და შეაფასოს მისი ჭრილობები. დანანაებით გადმომხედავს. სუსტი, იისფერი ღიმილით მიღიმის.

...

მალე გადაჰყავთ სხვა პალატაში.

მადლიერების მზერით მემშვიდობება. რა იცის, მე რა მადლიერი ვარ. რამხელა როლი აქვს ჩემს გადარჩენაში.

მაშინ არ მიტირია. ახლა ვწერ და ვტირი. მაქვს უფლება.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.

აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

წაიკითხეთ სრულად