Baby Bag

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

ენათ­მეც­ნი­ე­რმა მა­რი­ნე ბე­რი­ძემ კორონავირუსი მძიმედ გადაიტანა. სწორედ ამ პერიოდს უძღვნის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,წუთშესვენება უნდა გამოვიყენო და ეს დავწერო.

...

ჯერ მეგონა, რომ იმისთვის გადავრჩი, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, მომეთხრო სხვებისთვის და თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა...

იმდენად გრძელი აღმოჩნდა გზა რეანიმაციის "ზედა სართულიდან" ფეისბუკურ ოხშივრამდე, რომ ეს სურვილი შეგნებულად ჩავახშე ჩემში. არ იყო ადვილი მაშინ, მაგრამ ჯერ ალღომ, მერე გარემოზე დაკვირვებამ მიკარნახა. ბოლოს გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ოდესმე იქნებ მოიტანოს სიტყვამ და ვთქვა.

ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო? რატომ დაემსგავსეთ საკუთარი ლეკვების მჭამელ იშვიათ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის?!

სინამდვილეში, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც "ორშაბათიც შაბათია" ამ ქვეყანაზე!

მოკლედ, ვიწყებ აქა-იქა გახსენებას. თანმიმდევრული აღწერის არც დრო მაქვს, არც ძალა.

ვაგიფა

როცა ახალგაზრდა მოწყალების "ძმამ" ურიკით თეთრად გაკაშკაშებულ "დარბაზში" შემასრიალა, უკვე ისე ვიყავი უჟანგბადობით დაოსებული, კარგად ვერ ვარჩევდი რეალობას და შეგრძნებებს. ერთი პირობა, კინაღამ აფორიაქებულ ანგელოზთა ფარფატად მომეჩვენა ეს უცნაური, ზუზუნა და მოძრავი მდუმარება. პირველი შთაბეჭდილება არ მქონია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ათეული იყო ასეთი: კახი კავსაძე _ თეთრ ლოგინს მიჯაჭვული ამ სიტყვის ყველა ირიბი და პირდაპირი გაგებით, თავადაც მიტკალივით თეთრი; სახეზე შიშშეყინული ინტუბირებული პაციენტები _ უსიცოცხლო სხეულები (დიდხანს ვიფიქრე, ეს ევფემიზმი რომ გამომეყენებინა იმის ნაცვლად, რაც იქ ვიგრძენი), უფანჯრო ოთახის იისფერი შუქი, რომელიც კი არ ანათებს, მარად სიფხიზლედ ხმაურობს და სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე ბეწვის ბილიკს ოდნავ ხილვადობას აძლევს. სულ ოდნავს _ არც ბნელა, არც ნათელია; რეანიმაციის მუსიკა _ ჩაწერილი მაქვს მრავალი წუთი. ამ მუსიკას პაციენტების თავთით დაკიდებული აპარატურა გამოსცემს: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია, გული, თირკმელი.... სხვადასხვა ხმაზე ეხმიანება დიდი მინის ხუფის გადაღმა ჩასაფრებულ ექიმებს. ყური ეჩვევა გვიან. და მერე უკვე გრძნობს, რომ ახლა ჩამოგიდგამენ მწვანე შირმას მარცხნიდან ან მარჯვნიდან _ გააჩნია, ვისი მელოდია ჩაქრა სამუდამოდ აქეთა სამყაროში, ხმამაღლა იტყვიან შენს (ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფის) გასაგონად: წაიყვანეთ რენტგენზე... და გაუყენებენ აჭრიალებული ურიკით გზას. მისი "შემცვლელი" კი უკვე მოგორებულია კარებთან... რიგია რეანიმაციაშიც.

მოკლედ, გამიგრძელდა.

ვაგიფა 20-22 წლის აზერბაიჯანელი გოგონაა. ჩემ მარჯვნივ, კახის შემდეგ წევს, ფანჯარასთან. სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა, ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას. ჯერ არც ვიცი რომ ვაგიფაა... კვნესის. მაფხიზლებს და უცნაურ ძალას მაძლევს მისი კვნესა. მავიწყდება წუთით ჩემი გასაჭირი და მისკენაა მთელი ჩემი ყურადღება მობილიზებული. ფრაგმენტებად ვაგროვებ "მიხვედრებს": ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იგუდება. ვერ სუნთქავს. ტირის. ქართული არ იცის. სულ ცოტა რუსული. ექთნებმა რუსული არ იციან. ვიღას ახსოვს საკუთარი ფილტვების 23 თუ 24 ქულიანი დაზიანება (ვინ გეტყვის მართალს): ვაგიფა! უნდა ჭამო! რაღაც მაინც უნდა შეჭამო, ასე თქვა ექიმმა! გავძახი რუსულად. _ არ შემიძლია! _ მპასუხობს , თან ხველა ახრჩობს! _ ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვატან რაღაცას, არც მახსოვს რას. ალბათ ხილს? ხაჭაპურს? _ ვერ ვიხსენებ. ერთ - ორ ლუკმას ჭამს. არ შეუძლია, ტირის. ისე ტრიალებენ, ისე შფოთავენ, ისე დასტრიალებენ, მგონი... ღმერთო! არა! _ვაგიფა! _ ვყვირი მთელი ხმით _ ისუნთქე, ღმად, ღრმად ისუნთქე, არ გაჩერდე!.. _არა, ვაგიფა! ბავშვს რა ჰქვია, რა დაარქვი გოგონას? _ გავყვირი ისევ (მაინც ვერავის გავაღვიძებ). _ არ ვიცი, ვერ მოვასწარი სახელის დარქმევა _ მპასუხობს ძალაგამოლეული, თითქოს ახლა გაახსენდა, რომ სახელი არ აქვს მის შვილს. ვხვდები, რომ გამოცოცხლდა. ლოყებზე ფერი დაეტყო. _ ვაგიფა, საყვარელო, ახლა ის მარტოა, შეშინებულია, მისთვის უნდა გადავრჩეთ, მეც და შენც. არ მიატოვო, არ მიატოვო, ვაგიფა! _ ყველა დაძახებაზე კრთება და თვალს ძალისძალად ახელს. _ ვაგიფა, ელაპარაკე, ელაპარაკე შენს შვილს. უთხარი რომ გიყვარს,. უთხარი, რომ გადარჩები, დამპირდი, რომ არ მოკვდები! ვაგიფა!

...

სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამდენი დღის შემდეგ, ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ რომ ჩამოაფარეს შირმა და მერე ადგილი გათავისუფლდა, ვაგიფა ჩუმად, ხვეწნით ეუბნება ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტიოტე...

აუხსნეს, რომ ამ ფანჯარასთან თურმე იმიტომ წევს, რომ გინეკოლოგმა, რომელიც ბლოკში ვერ შემოდის, ფანჯრიდან ნახოს და შეაფასოს მისი ჭრილობები. დანანაებით გადმომხედავს. სუსტი, იისფერი ღიმილით მიღიმის.

...

მალე გადაჰყავთ სხვა პალატაში.

მადლიერების მზერით მემშვიდობება. რა იცის, მე რა მადლიერი ვარ. რამხელა როლი აქვს ჩემს გადარჩენაში.

მაშინ არ მიტირია. ახლა ვწერ და ვტირი. მაქვს უფლება.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„უფროსს-უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო, ფიქრობენ“ - ბზვანში კარაზანების შემოსევაა

„უფროსს-უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო, ფიქრობენ“ - ბზვანში კარაზანების შემოსევაა

ვანის რაიონში სოფელ ბზვანში კრაზანების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის გამო მოსახლეობა შუქს ვერ ანთებს, ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ გარეთ და რაც ყველაზე სამწუხაროა, კრაზანამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღნიშნულთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში სოფლის ერთ-ერთ მაცხოვრებელი ავთო ძაგანია წერს. გთავაზობთ მის მონათხრობს სიტყვა-სიტყვით:

„​დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს!! ვეპატიჟები სოფლებში პირველ რიგში იმისთვის რომ გაიგონ რამდენ ოჯახს მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რომ შემდეგ ერთად დავთვალოთ რამდენი გლეხი ახერხებს მათ საიტზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვას! და იქნებ მერე მაინც

მიხვდეთ რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში! 

ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები(გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით რომ მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია იქნებ ამიხსნათ ბატონებო) მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდამ, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არცერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა. ბოლო პრობლემა რაც სოფელს ასე შეეხო იყო ფაროსანები და პირადა ჩემ სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა) ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო ყოჩაღ :))))!! დღეს გავიგე, რომ იმერეთში 2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას! 2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი!! ვუზიარებ მათ ოჯახებს და ბოდიშს ვუხდი!! ბოდიშს ვუხდი იმისთვის,რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით, რომაა დაკომპლექტებული წვლილი მეც მიმიძღვის! #მრცხვენიხართ

სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არააქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ სახლში ყავთ ჩაკეტილი ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ! უფროსს უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე იქნებ დექსამეტაზოლის გაძვირება მაინც არ იჩქაროთ ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ).

წლებია საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ „არასწორი უბრანიზაციის დონის გაზრდისთვის“, რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გლეხმა კაცმა ვერ შეძლოს ოჯახის შენახვა!! და დღეს იქნებ ამ ნახევრად დაცლილი სოფელს მაინც მიხედოთ და შიმშილისგან დაღლილ და დაქანცულ ხალხს კრაზანებს მაინც ნუ მოვაკლევინებთ!!! 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgia შეიძლება ზედმეტს ვითხოვ მაგრამ ცოტა ჩვენც მოგვხედეთ!!“

წაიკითხეთ სრულად