Baby Bag

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელება მეტია, ვიდრე სხვა ვარიანტების.

მისი თქმით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ აღენიშნებათ ბავშვებს რაიმე თანმდევი დაავადება, ჩხაიძის თქმით, ვირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს.

„არა, თანმდევ დაავადებებზე საუბარი დიდი ხანია, დამთავრდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როცა გარდაცვალების შემთხვევა ერთეული იყო და ამის უკან ყოველთვის იდგა ასაკი ან თანმდევი დაავადებები. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ დელტა ვარიანტი არის გაახალგაზრდავებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს. ეს არის ვარიანტის აგრესიულობიდან, ინფიცირებულობიდან, ლეტალურობიდან გამომდინარე. ასე რომ, ეს საკითხი პრაქტიკულად მოხსნილია და აღარ განიხილება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, ციციშვილის კლინიკის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის ნიმუშების სექვენირების პროცესი, რათა დადგინდეს, რა შტამით არიან ბავშვები ინფიცირებული.

მისი თქმით, კვლევის შედეგები უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით“

„თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით“

კორონავირუსის დროს წამლების თვითნებურად მიღებაზე სოციალურ ქსელში ექიმი ლელა ჯღამაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. თვითნებურად ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! იწვევს დიარეას და შემდეგ გართულებებს.  გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია.

ნუ მიიღებთ ასპირინს, კარდიომაგნილს და ქსარელტოს თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით, მომატებული გაქვთ თუ არა დე-დიმერი ან ფიბრინოგენი და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, მიიღებთ სავალალო შედეგს. 

გაუფრთხილდეთ ერთმანეთს... თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით. მსგავსს უზნეო დარიგებას შეეწირა მერამდენე ადამიანი. მთელი ღამე სული ვერ ჩავუდგი, მე პირადად და სამ ხაზზე ვიბრძოდი ერთდროულად, დაინდეთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც. 

დილის 11-დან საღამოს 7-საათამდე დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ - 568 332 036. 

ჯერ იკითხეთ და მერე დალიეთ წამლები. 

სატელეფონო კონსულტაცია უფასოა... უმორჩილესად გთხოვთ, თვითნებურად ნუ მიიღებთ წამლებს.

12 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეგიძლიათ მობრძანდეთ, თბილისი, პეკინის 28 მეორე სართული კაბინეტი 15.

ჯანმრთელობას გისურვებთ. პატივისცემით ლელა ჯღამაძე.“
წაიკითხეთ სრულად