Baby Bag

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელება მეტია, ვიდრე სხვა ვარიანტების.

მისი თქმით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ აღენიშნებათ ბავშვებს რაიმე თანმდევი დაავადება, ჩხაიძის თქმით, ვირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს.

„არა, თანმდევ დაავადებებზე საუბარი დიდი ხანია, დამთავრდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როცა გარდაცვალების შემთხვევა ერთეული იყო და ამის უკან ყოველთვის იდგა ასაკი ან თანმდევი დაავადებები. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ დელტა ვარიანტი არის გაახალგაზრდავებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს. ეს არის ვარიანტის აგრესიულობიდან, ინფიცირებულობიდან, ლეტალურობიდან გამომდინარე. ასე რომ, ეს საკითხი პრაქტიკულად მოხსნილია და აღარ განიხილება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, ციციშვილის კლინიკის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის ნიმუშების სექვენირების პროცესი, რათა დადგინდეს, რა შტამით არიან ბავშვები ინფიცირებული.

მისი თქმით, კვლევის შედეგები უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,განათლების სფეროს სჭირდება ახალი ელიტები''

,,განათლების სფეროს სჭირდება ახალი ელიტები''

პრემიერ-მინისტრი ​გიორგი გახარია კორონავირუსის გამო სამშობლოში ნაადრევად დაბრუნებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სტუდენტებს შეხვდა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა, ქვეყნის ყველა სფეროს კი ახალი ელიტები სჭირდება:

,,გულწრფელად მიხარია, რომ გხედავთ ჯანმრთელებს და გხედავთ სამშობლოში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველოს ბევრი მოქალაქეა, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ. არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინც სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ, ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი.

ამ ქვეყანას სჭირდება ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა. ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები - კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან და ეს ხართ თქვენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა აქ შევინარჩუნოთ და ის გამოცდილება, რაც მიიღეთ იქ, მოვახმაროთ ამ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად